მამუკა არეშიძე: თურქეთში გამოცემული გაზეთის დამატება შეთანხმებული იქნებოდა თურქეთის ხელისუფლებასთან

გაზეთის დამატება, რომელიც თურქეთში აფხაზეთის დიასპორისთვის გამოვიდა, სავარაუდოდ შეთანხმებულია თურქეთის ხელისუფლების რაღაც ჯგუფთან – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა.
მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ისეთი გავლენიანი გაზეთი, როგორიცაა „საბაჰი“, ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე მსგავს დანამატს არ გამოუშვებდა.
“ამ საკითხზე ქართული დიასპორის რეაქცია იყო ძალიან მწვავე. ეს ქმედება, ვფიქრობ, შეთანხმებული იყო თურქეთის ხელისუფლებასთან. თურქეთი ერთი წამი არ ეშვება კავკასიას. ისეთი გავლენიანი გაზეთი, როგორიცაა „საბაჰი“ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არაფერს დაბეჭდავდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო თურქეთის ხელისუფლების რაღაც შტოსთან,“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
არეშიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს დიასპორის გაძლიერების კუთხით მუშაობაზე. მისივე ინფორმაციით, დამატება ერთჯერადი ხასიათის არ იქნება. მამუკა არეშიძე ხელისუფლებას თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს.
“ხელისუფლებამ უნდა მიხედოს ქართულ დიასპორას. ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართული დიასპორის ხელშეწყობისთვის. ამ ყველაფერში იგულისხმება ენის შესწავლა. ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით უნდა იყვნენ ბევრად უფრო ინიციატივიანები, მაგალითად უნდა გაიგზავნოს წიგნები. გაიხსნას საკვირაო სკოლები, ენის შემსწავლელი კურსები. პროექტმა ჩვენებურები“ ძალიან ეფექტურად იმუშავა, რამდენიმე ხნის წინ კი ერდოღანმა მიიღო ქართული ფოლკლორის ანსამბლის წევრები, ამ ანსამბლს სჭირდება სერიოზული მხარდაჭერა და დახმარება. ეს ხალხი დააჯილდოვა ერდოღანმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ყველაზე უმცროსი 70 წლისაა,“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები