სუბარი სააკაშვილის გადადგომაზე: არ მგონია ეს მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო

მე არა მგონია ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება ყოფილიყო – ასე აფასებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის თანამდებობის დატოვებას.
სუბარის შეფასებით, სააკაშვილი ვერც ერთ ქვეყანაში გაამართლებს.
„მე არა მგონია ეს სააკაშვილის გადაწყვეტილება ყოფილიყო. ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა და ამის შესახებ თავად უკრაინაშიც დიდი ხანია მიდის საუბარი. ვერ გაამართლა ერთ ქვეყანაში და ვერ გაამართლებს ვერც მეორე, მესამე, ან მეშვიდე ქვეყანაში მისი დიქტატორული ამბიციები. რაც ყველაზე მტკივნეულია, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მისი მიზეზებით მოხდა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა და შემდეგ რუსეთის მიერ მათი აღიარება. ეს არის დანაშაული და სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში შევა როგორც საქართველოს ტერიტორიების გამფლანგველი“, – განაცხადა სუბარმა.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი პოროშენკო მე მპირდებოდა, რომ მხარს დამიჭერდა, მაგრამ მან არ შეასრულა დანაპირები. ასევე ის ყოველთვის ამბობდა, რომ რეფორმები არის შეუქცევადი და მომატყუა, არ შეასრულა თავისი სიტყვა. ეს ყველაფერი მომბეზრდა და ამით დავიღალე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყიდის ადგილებს და ისევ მოჰყავს ძველი, კორუმპირებული ადამიანები. რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს, პოროშენკო თუ იანუკოვიჩი. როგორც ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ ახლაც. ამის ატანას აღარ ვაპირებ, ასე ბევრჯერ ცხოვრებაში არავის მოვუტყუებივარ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები