მე-9 მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერების პოსტს, სავარაუდოდ, გია ვოლსკი და თამარ ჩუგოშვილი დაიკავებენ

მე-9 მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერების პოსტს, სავარაუდოდ, გია ვოლსკი და თამარ ჩუგოშვილი დაიკავებენ. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მათივე ცნობით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ვახტანგ ხმალაძეს ეკა ბესელია შეცვლის. უკვე შერჩეულია უმრავლესობის ლიდერიც – აღნიშნულ პოსტს ზვიად კვაჭანტირაძის ნაცვლად არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ კი გია ვოლსკის ნაცვლად მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, მას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, რომელიც ამჟამად პარტიის აღმასრულებელი მდივანია.
აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმებები პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბოლოოდ შეჯამდება, რომელიც სავარაუდოდ კვირის ბოლოს გაიმართება.
“ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, აქედან ნაწილი არის მართალი, ნაწილი არა. იგივე ეხება ჩემს საკითხსაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და მალევე დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ყველაფერი საზოგადოებისთვის“,-განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები