ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ის მიმართ გამოძიებას ამკაცრებენ
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ გაააქტიურეს გამოძიება იმის თაობაზე, დაარღვია თუ არა ილონ მასკის პლატფორმა X-მა ევროკავშირის რეგულაციები კონტენტის მოდერაციის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
2023 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ევროკომისიამ განაცხადა, რომ სთხოვს სოციალურ ქსელ X-ს, 15 თებერვლამდე წარადგინოს შიდა დოკუმენტაცია რეკომენდაციების სისტემის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს კონტენტს სთავაზობს.
„დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა ნათელი მოვფინოთ X-ის სარეკომენდაციო სისტემების შესაბამისობას ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის ვალდებულებებთან“, – განაცხადა ევროკავშირის ციფრული დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰენა ვირკუნენმა.
კომისიამ ასევე გასცა „შენახვის ბრძანება“, რომელიც X-ისგან მოითხოვს, შეინახოს შიდა დოკუმენტები და ინფორმაცია რეკომენდაციების ალგორითმების დიზაინსა და ფუნქციონირებაში მომავალი ცვლილებების შესახებ, 17 იანვრიდან 2025 წლის ბოლომდე პერიოდში.
ამასთან, ევროკომისიამ მოითხოვა წვდომა X-ის გარკვეულ ტექნიკურ ინტერფეისებზე.