გიგი უგულავა: ვაპირებ გადავდგე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან

გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. როგორც თბილისის მერი ღია წერილში აღნიშნავს, ”ნაციონალურ მოძრაობაში” საჭიროა მოხდეს განახლება – მათ შორის, მოხდეს ახალი თავმჯდომარის და ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა.
უგულავა მიიჩნევს, რომ პარტია არ უნდა გახდეს მათი „პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი“.
”მე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვაპირებ გადავდგე, რათა მივცე შესაძლებლობა – თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. ერთი სიტყვით, პარტიის ყველა საკვანძო, არჩევით თანამდებობაზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს არ და ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტდევნილებისა თუ პოლიტპატიმრების მიმართ ღალატი. ამას მე, როგორც ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, გეუბნებით. ჩვენი დევნილობა და პატიმრობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეიძლება კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. მე ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული. პარტიას სჭირდება განვითარება და ის არ უნდა გახდეს ამჯერად ჩვენი პატიმრობის თუ დევნილობის მძევალი, სწორედ ეს უნდა ივანიშვილს. მეტიც, ამ პოლიტსიშლეგის დასრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჩქარდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – საერთაშორისო ინსტიტუტებში.
ცხადია, ეს არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან პარტიისგან გამიჯნვას, პირიქით, ამით ჩვენ პარტიას განვითარების შესაძლებლობას ვაძლევთ. ესაა ფაქტის კონსტატაცია, ჩვენ, ციხეში თუ ქვეყნის გარეთ იძულებით მყოფნი, სრულფასოვნად ვერ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკაში, იმედია, დროებით. და როცა ეს ცხადი სიგიჟე დასრულდება, მე/ჩვენ სიხარულით ჩავერთვებით პარტიის ცხოვრებაში და არც შიდა კონკურენციას შევუშინდებით. მართალია, კაცს შეიძლება გალაკტიონის ლექსი გაგახსენდეს და ცოტა შეცბე: “.. წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული..”, მაგრამ ამჯერად, მერაბ კოსტავას სიტყვები უფრო გამოგვადგება – მთავარია, სად იქნება ეროვნული მოძრაობა და არა ის, სად ვიქნებით ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში.
მეგობრებო, გთავაზობთ მსჯელობას ამ თემაზე, ხოლო პარტიის თბილისის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჩემი გადადგომა შემდგარ ფაქტად მიიღეთ. წერილი საჯაროა და მისი ადრესატი ყველა ჩვენი მხარდამჭერია, რისთვისაც მათი გულწრფელად და უზომოდ მადლობელი ვარ”, – აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები