ზაზა გაბედავა: კაცი, რომელმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს უღალატა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნეს
„კაცი, რომელმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს უღალატა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნეს!” – ამის შესახებ „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ზაზა გაბედავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
გაბედავას აზრით, პრეზიდენტის მრჩეველი აკია ბარბაქაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის შვილობილია.
„აკია ბარბაქაძე არის ცნობილი პუტჩისტი, რომელიც ავტომატით ხელში ებრძოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს! აკია ბარბაქაძე თენგიზ კიტოვანის შვილობილია და პირადად მონაწილეობდა სამხედრო გადატრიალებაში. ე.ი. კაცი, რომელმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს უღალატა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნეს და მე, რომელიც პრეზიდენტის ერთგული დავრჩი, საქართველოში არ მიშვებენ!“ – აცხადებს ზაზა გაბედავა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ცნობისათვის, ალექსი (აკია) ბარბაქაძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად 2014 წლის აპრილში დაინიშნა. 2016 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსი (აკია) ბარბაქაძემ თანამდებობიდან ერთი წლის განმავლობაში 54 200 ლარი მიიღო.