ელენე ხოშტარია: “ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, რომელიც ვაკის N2 საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს, აცხადებს, რომ ვაკემ ნდობა არ გამოუცხადა და ხალხის ამ არჩევანს პატივს სცემს.
როგორც ხოშტარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, წაგების მერე გაქრობას არ აპირებს და კონკრეტულ გეგმებზე უახლოეს მომავალში ისაუბრებს.
„უსამართლო ბრძოლაში ყველაზე საშიში არა მოწინააღმდეგის უნამუსობა ან ძალაა, არამედ უიმედობა, რომელმაც შეიძლება ხელები ჩამოგაყრევინოს. არცერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუს-ი, ჩვენ გვყავს გულანთებული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური. მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქვს იდეა და რწმენა ამ იდეის. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთ ისეთივე შემართებით, როგორც აქამდე.
მიუხედავად უნამუსო მანიპულაციებისა, მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დავფიქრდეთ, რატომ ვერ მოვიპოვეთ ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ, დავფიქრდეთ და კარგად გავითვალისწინოთ სამომავლოდ. დღეს ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც, სამწუხაროდ, ერთადერთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიას.
ორი სიტყვა ვაკეზე. მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და მე ამ არჩევანს პატივს ვცემ. ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში, მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად, ესე იგი მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას. მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდით დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ახლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში. ჩემს კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე“, – წერს ელენე ხოშტარია.
ცესკოს მიერ გავრცელებული წინასწარი მონაცემებით, ვაკის N 2 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ამომრჩევლის ხმის 24.48% მიიღო. ხოლო -„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ -75.52%.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები