გასაიდუმლოებული სასაფლაო ზუგდიდში – სკანდალური ინფორმაციის სანაცვლოდ პატიმარი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს
გაზეთი „პრაიმტაიმი“ იმ გასაიდუმლოებული სამარხების შესახებ წერს, სადაც სააკაშვილის რეჟიმისთვის მიუღებელ პირებს მარხავდნენ.
როგორც გამოცემა ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის შეკვეთილი მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსჯავრდებულ გელა უბილავას თანამოსაკნის გია ომიაძეზე დაყრდნობით წერს, უბილავა მზად არის, სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ, პროკურატურას სამეგრელოში აქამდე უცნობი და სრულიად გასაიდუმლოებული სასაფლაოების ადგილმდებარეობა აცნობოს და იქ დამარხულ პირთა იდენტიფიცირებაში დაეხმაროს.
როგორც ომიაძე აცხადებს, უბილავას ინფორმაციით, აღნიშნულ გასაიდუმლოებულ საფლავებში 2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული რეინჯერის დავით ცინდელიანის ცხედარიც არის დამარხული.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გელა უბილავამ გასაიდუმლოებული საფლავების საქმეზე ძალოვან უწყებას ინფორმაცია გარკვეული ფორმით მიაწოდა, თუმცა საპროცესო გარიგება ამ სკანდალური ინფორმაციის სანაცვლოდ ამ დრომდე არ შემდგარა. ერთ-ერთი ვერსიით, უბილავა საფლავების საქმის გახსნის სანაცვლოდ თავისუფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კი პროკურატურა, სავარაუდოდ, უარს აცხადებს.
როგორც სტატიაში წერია, საქმე პროკურატურამ უკვე სასამართლოს გადასცა. იმ შემთხვევაში, თუ გელა უბილავას მიერ დასახელებულ გასაიდუმლოებულ საფლავებში ცინდელიანის ცხედარი აღმოჩნდა, მაშინ გამოძიება თავიდან დაიწყება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ აფხაზეთის კუდ-ის უფროსმა რომან შამათავამ 2008 წლის 16 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა სატყეო რეინჯერი დათო ცინდელიანი. ამის შემდეგ შამათავამ ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.
„პრაიმტაიმთან“ საუბარში კი უბილავას თანამოსაკნე გია ომიაძე ცინდელიანის გვამის თავიდან მოშორების სხვა ვერსიაზე საუბრობს, რომელიც მას ციხეში უბილავამ გაუმხილა, იმ მიზნით, რომ ომიაძეს ეს ინფორმაცია ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირებისთვის მიეწოდებინა. ის კი მზად იყო, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, ის ადგილი მიეთითებინა, სადაც დავით ცინდელიანი გასაიდუმლოებულ ვითარებაშია დამარხული.
„გელა უბილავასთან ციხეში რამდენიმე თვე გავატარე. უბილავამ მომიყვა საზარელი დანაშაულის შესახებ, რომელშიც ის თურმე კუდ-ისა და სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდა. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო სამეგრელოში გასაიდუმლოებული საფლავების არსებობა. უბილავა მარწმუნებდა, რომ ამ საფლავებში (იგულისხმება სააკაშვილის მმართველობის პერიოდი) ძალოვანი უწყებების მხრიდან ჩატარებული გასაიდუმლოებული ოპერაციების დროს მოკლული ადამიანები არიან დაკრძალული. მისი მტკიცებით, ამ საიდუმლო სამარხებში არის დაკრძალული დავით ცინდელიანი.
უბილავა მიყვებოდა, რომ ზუსტად არ იცოდა რა ტერიტორიაზე მოკლეს ცინდელიანი, თუმცა მოგვიანებით მისი ცხედარი სამეგრელოში საიდუმლო სამარხის ტერიტორიაზე მიიტანეს და იქ დამარხეს. როგორც მან მითხრა, ამ სამარხებში ცინდელიანის გარდა სხვა პირებიც განისვენებენ, მათ შორის აფხაზეთში გაუჩინარებული პირებიც. საუბარია აფხაზებზე, რომლებიც იქაურმა სპეცსამსახურებმა თავიდან მოიშორეს და ქართველი სპეცსამსახურების დახმარებით სამეგრელოს ტერიტორიაზე მისთვის ცნობილ საიდუმლო სამარხებში დამარხეს.
უბილავა ამბობს, რომ მას ადუაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სხვა ამაზე მძიმე დანაშაულებებში მიუღია მონაწილეობა. მე მას დავპირდი, რომ მაღალი თანამდებობის პირებს მივაწვდიდი აღნიშნულ ინფორმაციას და მასთან გაფორმდებოდა საპროცესო გარიგება. დატოვებდა საპატიმროს და დაასახელებდა იმ ადგილებს, სადაც საიდუმლო საფლავებია. მე ეს ინფორმაცია მივაწოდე შესაბამის უწყებებს, თუმცა რატომღაც მოლაპარაკება არ შედგა“, – განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გია ომიაძემ.
გელა უბილავა სამართალდამცველებმა 2012 წელს დააკავეს. ის რამდენიმე პირთან ერთად, ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობდა და ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრებოდა. ბიზნესმენი ადუაშვილი თბილისში 2012 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.