ყოფილი პოლიციელი ზაზა ხატიაშვილს ამხელს: ” ყველამ იცოდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარე მუშაობს კუდ-ზე”
ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილების ექსხელმძღვანელი ლაშა კვირკვაია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ზაზა ხატიაშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს კუდ-ის აგენტი იყო.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას კვირკვაია კუდ-ის იმ მაღალჩინოსნის ვინაობასაც ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ხატიაშვილთან კავშირზე იმყოფებოდა. კვირკვაია ამბობს, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებზე დათა ახალაიას უწყება სწორედ ზაზა ხატიაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა.
„ვსაუბრობ კონკრეტული ფაქტებით, რადგან ისეთი ადამიანისგან, როგორიც ხატიაშვილია, მორალის კითხვა ძალიან ამაზრზენია. მე არ მაქვს მის აგენტურულ საქმიანობასთან პრობლემა და არ ვამბობ, რომ ეს კანონდარღვევაა. აგენტურული საქმიანობა ჩვეულებრივ კანონიერ ქმედებას წარმოადგენს. ასე რომ, მე არ ვადანაშაულებ მას კანონდარღვევაში, მაგრამ დროა, სახელი დავარქვათ ყველაფერს – ადამიანი, რომელიც გახლდათ კუდ-ის საიდუმლო აგენტი, სხვას მორალს არ უნდა უკითხავდეს.
არ ვიცი, ის ოფიციალურად იყო თუ არა გაფორმებული, ან მოაწერა თუ არა ხელი ხელწერილს, მაგრამ ვიცი კონკრეტული ფაქტები, რაც ადასტურებს მის საიდუმლო საქმიანობას. კი ბატონო, ხატიაშვილი აპროტესტებდა რაღაცეებს, მაგრამ ეს იყო აქციები, სადაც მის ყოფნას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა. საინტერესოა, თვითონ მისი პიროვნება. ის გახლავთ დაახლოებით ჟირინოვსკის, ან ნათელაშვილის ტიპაჟი. როდესაც იყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები, კუდ-მა აქტიური მუშაობა დაიწყო. პოლიციის ყველა განყოფილებაში დაიწყო იმის გარკვევა, ვის რომელ ადვოკატთან ჰქონდა კარგი მიდგომა. ანუ იქმნებოდა „ჩვენიანი“ ადვოკატების ბაზა.
გარდა ამისა, გვეკითხებოდნენ, ხომ არ გვქონდა რომელიმე ადვოკატზე კომპრომატი, რომ „ჩვენიანების“ ბაზაში ამ გზით შეგვეყვანა. ამის შემდეგ პოლიციის ყველა განყოფილებაში კუდ-ისგან მოვიდა თხოვნა, რომ ვისაც ადვოკატებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, გადაეცათ ამ ადვოკატებისთვის, არჩევნებზე ხმა ზაზა ხატიაშვილისთვის მიეცათ. მოკლედ ზაზა ხატიაშვილი აირჩიეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ და აქედან მოყოლებული ის ხდება ორმაგი მოთამაშე. იმ დროს ყველამ იცოდა, რომ რეალურად ზაზა ხატიაშვილი იყო ჩვენიანი და ამბის გამომტანი“, – განაცხადა ლაშა კვირკვაიამ.
მან „პრაიმტაიმთან“ კუდი-ის მაღალჩინოსანი დაასახელა, რომელთანაც ხატიაშვილი უშუალო კავშირზე იყო. მისი თქმით, ის იყო კუდ-ის უფროსის მოადგილე გიორგი დათუაშვილი, მეტსახელად „დუსია“, თუმცა ხატიაშვილის საკითხი დათუაშვილის დონეზე არ წყდებოდა.
„პოლიციის სტრუქტურაში ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა. ვერ გეტყვით, ვისგან გავიგე პირველად, ზუსტად ვიცი, რომ პირველ იანვარს არის ახალი წელი, მაგრამ ვერ გეტყვით, როდის და ვისგან შევიტყვე ეს პირველად. ყველამ იცოდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მუშაობს კუდ-ზე.
გარიგების დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ლოგიკურად მიჩნდება აზრი, რომ ხატიაშვილი ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის სანაცვლოდ გაურიგდა კუდ-ს. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურის გაყვანას ვერ მოახერხებდა?! ეს ნამდვილად არ არის განაწყენებული კაცის პოზიციიდან ნათქვამი. უბრალოდ, მისი მხრიდან სამართლიანობაზე მორალის კითხვა უკვე ძალიან სასაცილოა, ამიტომ გადავწყვიტე, ხმამაღლა მეთქვა ის, რაც სიმართლეა და იცის ნებისმიერმა პოლიციელმა. თუკი საწინააღმდეგოს დამტკიცება სურს ბატონ ზაზას, არსებობს მარტივი გზა: სატელეფონო ოპერატორიდან ამოიღოს იმ წლების დეტალური ამონაწერი და გაასაჯაროოს. ანახოს საზოგადოებას, რამდენად ინტენსიური კავშირი ჰქონდა კუდ-ის მაღალჩინოსან დათუაშვილთან“, – აღნიშნა ყოფილმა პოლიციელმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
გამოცემა ბრალდებებზე საპასუხოდ თავად ხატიაშვილს დაუკავშირდა, თუმცა რამდენიმე ცდის მიუხედავად, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.