კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული მუქარის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.