“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მარნეულში ხმების დათვლის პროცესში დაძაბულობის რისკის გაზრდაზე მიუთითებს

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მარნეულში ხმების დათვლის პროცესში დაძაბულობის რისკის გაზრდაზე მიუთითებს.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ორგანიზაციამ 50-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, დაიწერა 9 საჩივარი.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია მარნეულის 36.22 ოლქი, რომლის უბნებზეც მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა დაძაბულობა. უბნების გარეთ მობილიზებულები არიან პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები. არსებობს რისკი, რომ 20:00 საათის შემდეგ ხმების დათვლის პროცესის მიმდინარეობისას კიდევ უფრო გაიზარდოს დაძაბულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოები საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, მეტნაკლებად სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები: გორის 42.32 ოლქის 44-ე უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ალბერტ მერებაშვილს; ხელვაჩაურის 72.83 ოლქის მე-20 და 45-ე უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირსისპირება მოხდა კომისიის წევრებს, წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს შორის; მცხეთის 27.17 ოლქის 24-ე უბანზე გადასატანი ყუთისთვის წაღებული ბიულეტენებიდან კომისიის წევრებმა უკან მოიტანეს ერთით ნაკლები, მიზეზი უცნობია, ყუთის წამღებები აცხადებენ, რომ ბიულეტენი ალბათ დაეკარგათ; ბათუმის 69.30 ოლქის მე-7 უბანზე, ასევე თბილისის მთაწმინდის 01.01 ოლქის პირველ, მე-9 და 25-ე და ისნის 09.07 ოლქის 35-ე უბნებზე დღის განმავლობაში გამოცხადდნენ ის ამომრჩევლები (ერთიანობაში 17-მდე ამომრჩეველი), რომლებსაც აღენიშნებოდათ მარკირება; ქუთაისის 38.59 ოლქის 59-ე უბანზე „ქართული ოცნების” წარმომადგენელი უბანზე ეწეოდა აგიტაციას, მოუწოდებდა შემოხაზოს #41; სამგორის 13.06 ოლქის 71-ე უბანზე იძულებით გადაადგილებულ ამომრჩეველს უფლება მისცეს ხმა მიეცა დევნილის მოწმობის გარეშე; ზუგდიდის 65.67 ოლქის 31-ე უბანზე პროფესიული ნიშნით დანიშნული კომისიის წევრი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ აქტივისტებს და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია და საშუალება მისცენ საარჩევნო კომისიის წევრებს მშვიდ გარემოში მოახდინონ ხმების დათვლა“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები