საღამოს 6 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 87 საჩივარი შევიდა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საღამოს 6 საათის მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 87 საჩივარი შევიდა.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საჩივრების გარკვეული რაოდენობა საუბნო-საარჩევნო კომისიებში დაიწერა და მათი შინაარსი იდენტურია.
მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები, ძირითადად, მცირე პროცედურულ ხარვეზებს ეხება. ცესკო-ს სპიკერის განმარტებით, მარნეულის ოლქში ორ საარჩევნო უბანზე პრობლემა გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირდა.
„ერთ შემთხვევაში, ყუთი, რომელშიც 3 ბიულეტენი იყო განთავსებული, დალუქული არ იყო. აღნიშნული ყუთი დაილუქა და სავარაუდოდ, კანონმდებლობის თანახმად, გაბათილდება. ხოლო მეორე შემთხვევაში, ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით არ იყო დამოწმებული, რაც, ასევე, კანონმდებლობის მიხედვით, ბათილობის საფუძველია”, – განაცხადა მიქელაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შესული მონაცემების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო ცენტრში 410 ზარი შევიდა, ხოლო ონლაინ მიმოწერით 37-მა ამომრჩევლემა ისარგებლა. მისივე ცნობით, შემოსული ზარების უმეტესი ნაწილი მოქალაქეთა მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები