ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბოს წავლება „ქარიშხალი 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „ქარიშხალი 2016“ მიმდინარეობას გაეცნო.
მინისტრთან ერთად სწავლებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მაოდგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდა. მათ სწავლების ხელმძღვანელისგან, პოლკოვნიკ შავლეგო ტაბატაძისგან წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ძირითადი მართვის პუნქტი დაათვალიერეს და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ.
„აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სამეთაურო-საშტაბო წვრთნები „ქარიშხალი 2016“ ჩატარდა. წვრთნების მიზანი მართვისა და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის, ასევე სარდლობის შტაბსა და ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინაციის ხარისხის გამოვლენა იყო. ნანახით ძალიან კმაყოფილი ვარ და შეიარაღებული ძალები ამ წვრთნებს მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ ყველა შემთხვევისთვის მზად უნდა ვიყოთ“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2016“ სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ პირველად ტარდება. სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი და სარდლობის დაქვემდებარებაში შემავალი ქვედანაყოფების – I და V ქვეითი ბრიგადების, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების და დაქვემდებარებული ბატალიონების შტაბები იღებენ მონაწილეობას. მასში 700-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბსა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებს შორის კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას, ასევე შესაძლებლობების შეფასებას ისახავს მიზნად. სასწავლო სცენარის მიხედვით სწავლების მთავარი ამოცანა, აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ, საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულებას წარმოადგენს.
სამხედრო სწავლება „ქარიშხალი 2016“ აღმოსავლეთ სარდლობის შტაბ-ბინაში, ფონიჭალისა და თელეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, ვაზიანში I საარტილერიო და IV მექანიზირებულ ბრიგადებში, გორში V ქვეით ბრიგადასა და ატენის ხეობაში, ასევე მცხეთაში I ქვეით ბრიგადაში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები