ნათელა იანქოშვილის „დავით-გარეჯი“, გერმანიაში გამოცემული ხელოვნების კალენდარში, დიდი კოლოსების გვერდით მოხვდა

ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობა „Harenberg“-მა უკვე დაბეჭდა და საზოგადოებას წარუდგინა 2017 წლის ხელოვნების კალენდარი. ანეგრეტ ბოლკე-ჰაინრიხსის მიერ შედგენილ ამ კატალოგში სამასზე მეტი მხატვრის ნამუშევარს შეხვდებით.
როგორც „კვირას“ ბრიტანეთში მოღვაწე ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა განუცხადა, მასში დიურერიდან, ბოსხიდან და რაფაელიდან დაწყებული, იხილავთ სეზანის, რენუარის, გოგენის, ვან-გოგის, დეგას, მანეს, სიორას, მუნკის, კლიმტის, მატისის, მალევიჩის, ფრიდა კალოს, კოკოშკას, შაგალის, კირხნერის, ფრანც მარკის, მაქს ბეკმანის, ჯეკსონ პოლოკის, გერჰარდ რიხტერის და ასობით აღიარებული მხატვარის თითო ნამუშევარს.
„ალბომის ფორმატის კალენდარში ყოველი დღე სხვადასხვა მხატვრის სურათით არის წარმოდგენილი, მეორე გვერდზე კი წაიკითხავთ ავტორის მოკლე ბიოგრაფიას და კონკრეტულად ამ ნამუშევრის შეფასებას.
უაღრესად სასიამოვნო ფაქტია, რომ აღნიშნულ კალენდარში, ხელოვნების ამ დიდი კოლოსების გვერდით მოხვდა გამოჩენილი ქართველი მხატვარი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ნათელა იანქოშვილი (1918–2007). 2017 წლის 26 ოქტომბერი მის პეიზაჟს „დავით–გარეჯს“ (1985) ეთმობა“, – აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.
ნათელა იანქოშვილმა მთელი ცხოვრება ფერწერას შესწირა და ჭეშმარიტად ღირებული მემკვიდრეობა დატოვა, რომლის გაცნობა მსოფლიო აუდიტორიას დაარწმუნებს, რომ ქართველმა მხატვარმა პეიზაჟის ხელოვნებას თავის წილი სიახლე შემატა. ამ გენიალური მხატვრის გატანა და ფართოდ გაცნობა მომავლის ამოცანად რჩება.
2018 წელს იანქოშვილის დაბადებიდან 100 წლისთავი სრულდება, ქართველი საზოგადოებრიობა, იმედია, ამ თარიღს სათანადოდ აღნიშნავს და ღირსეულ პატივს მიაგებს ერის საამაყო ხელოვანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები