ვინ არის ავალიანი, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პარტია სკანდალურად დაატოვებინეს

გაზეთი „პრაიმტაიმი“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ მორიგ დაპირისპირებაზე წერს. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ქეთევან ქოჩორაშვილის პარტიიდან გარიცხვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია მას სთხოვდა საკუთარი ადგილი დავით ავალიანისთვის დაეთმო.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ მოხვდა დავით ავალიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
როგორც გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს, დავით ავალიანი გიგი უგულავას დროს თბილისის მთავრობაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. ბოლოს იგი თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ ფონდიდან თანხების უკანონო მითვისების საქმეზე წარუდგინეს ბრალი გიგი უგულავასთან და მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქოჩორაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის საკრებულოში, ირაკლი აბესაძის შემდეგ ირიცხებოდა, თუმცა მაშინ საკრებულოში ვერ მოხვდა. ახლა კი, როდესაც ირაკლი აბესაძემ საკრებულოდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს, ის სიის რიგითობის მიხედვით ქოჩორაშვილს უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ლიდერშიფი მისთვის დეპუტატის მანდატის მიცემის წინააღმდეგი აღმოჩნდა, რადგანაც ამ ადგილს დავით ავალიანს უმიზნებდნენ.
ავალიანი, რიგითობის მიხედვით, ირაკლი აბესაძეს ვერ ჩაანაცვლებდა, რადგან მანამდე სიაში რამდენიმე პირი იყო ჩაწერილი, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცესკოს ქოჩორაშვილთან ერთად, სიიდან, კიდევ 5 ადამიანის ამოღების თხოვნით მიმართა. ამის შემდეგ კი გაირკვა, რომ ირაკლი აბესაძეს საკრებულოში დავით ავალიანი ჩაანაცვლებს. ქეთევან ქოჩორაშვილის განცხადებით, ნიკა მელიამ მას მოსთხოვა საკრებულოში შესვლაზე საკუთარი ნებით ეთქვა უარი, იმ მიზეზით, რომ დავით ავალიანს დეპუტატობა იმუნიტეტისთვის სჭირდებოდა.
„იმ გაგებით, რომ საკრებულოს დეპუტატობა მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან დაიცავდა. ამ ყველაფერს აკეთებდა ქუჩის ბიჭური პათოსით. მან საკუთარ თავზე აიღო ბევრი რამ და აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცა“,-განაცხადა ქოჩორაშვილმა.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას, ქოჩორაშვილის ბრალდებებს ნიკა მელიამ პირველად უპასუხა და განაცხადა, რომ ქოჩორაშვილი პარტიიდან არავის გაურიცხავს.
„თბილისის ორგანიზაციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. რაც სჭირდებოდა პარტიას, იმის მიხედვით გადავწყვიტეთ. პარტიული სია არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის გადასაწყვეტი, ვინ შევა და ვინ არა საკრებულოში, ამას წყვეტს გუნდი. სწორედ ამ გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღევანდელ გამოწვევებს ბევრად უკეთესად უპასუხებს დათო ავალიანი, ვიდრე ქალბატონი ქოჩორაშვილი. ის არის ერთ-ერთი კომპეტენტური ადამიანი დედაქალაქის საკითხებში და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საქმიანი და აქტიური იქნება. ეს არის უხერხული ტყუილი და გაუგებარია, რატომ ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. ქოჩორაშვილი დღესაც პარტიის წევრია და იმედი მაქვს, თვითონ მიიღებს წასვლის გადაწყვეტილებას. რა ჰგონია ქოჩორაშვილს-თუ ავალიანი საკრებულოს დეპუტატის მანდატს მიიღებს, პროკურატურა ვეღარ დაიბარებს დაკითხვაზე?! საკრებულოს დეპუტატს არანაირი იმუნიტეტი არ აქვს და ეს ქოჩორაშვილმა, წესით, კარგად უნდა იცოდეს“,-განაცხადა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები