წალკაში ახალგაზრდა ქალის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ – საზარელი მკვლელობის დეტალები

წალკის რაიონის სოფელ ტბეთში ადგილობრივ მოსახლეობას შორის არსებული დაპირისპირების განმუხტვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 3 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის შემდეგ, წალკის რაიონის სოფელ ტბეთში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ამავე სოფელში სვანეთიდან ჩასახლებულ ოჯახს დაუპირისპირდნენ.
დარბეულია ავტომობილები და გადამწვარია საცხოვრებელი სახლი, თუმცა გარდაცვლილის ნათესავები გაჩერებას არ აპირებენ.
პაქსაძეების გვარი სოფლიდან ხორგუანების გასახლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლების გადაწვითა და შურისძიებით იმუქრებიან. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლიდან გაძევებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეუღლე, თუმცა სოფელში კვლავ რჩებიან მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმების, გია და ზაზა ხორგუანების, მესამე ძმა და ნათესავები. „პრაიმტაიმთან“ საუბარში, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი რომან თაფლაძე აცხადებს, რომ ტბეთში პოლიცია პატრულირებს და სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება.
სოფელში შექმნილი დაპირისპირების ახალი დეტალები „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გარდაცვლილის ნათესავის, ელგუჯა შავაძისგან გახდა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილის მხარე მოთხოვნებს უყენებს ეჭვმიტანილის ნათესავებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა მკვლელობაში ბრალდებულის, გია ხორგუანის მეუღლის, თ.ვ.-ს სიკვდილით დასჯაა. გარდაცვლილი მალხაზ პაქსაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ, თუ მათი შვილი თ.ვ.-სთან სექსუალური კავშირის გამო მოკლეს, მაშინ ქალიც უნდა დასაჯონ. კიდევ რა ულტიმატუმს უყენებენ დაზარალებული პაქსაძეები მკვლელობაში ეჭვმიტანილის გვარის წარმომადგენლებს და რა ხდება სოფელში, გარდაცვლილის ნათესავთან ვრცელ ინტერვიუში წაიკითხავთ, მანამდე კი „პრაიმტაიმი“ 3 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე წერს.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 3 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 10 საათზე, 32 წლის მალხაზ პაქსაძე სამსახურიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც, სახლის წინ, მისივე მეზობლები, 1972 წელს დაბადებული გია ხორგუანი და 1975 წელს დაბადებული ზაზა ხორგუანი თავს დაესხნენ და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს, რის შედეგადაც პაქსაძე გარდაიცვალა. მკვლელობას შეესწრო გარდაცვლილის მეუღლე. მომხდარი ფაქტის შემდეგ ძმები ხორგუანები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა მოგვიანებით პოლიციას ჩაბარდნენ.
პაქსაძის მეუღლის ინფორმაციით, თავდასხმაში ოთხი პირი მონაწილეობდა, თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე ეს ფაქტი არ დასტურდება და ოფიციალურად ბრალი მხოლოდ ხორგუანებს წარედგინათ. მომხდარი მკვლელობიდან მეორე დღესვე პაქსაძეებმა ბრალდებულების მანქანები დააზიანეს და მათი საცხოვრებელი სახლი გადაწვეს.
გამოძიებამ მკვლელობის მოტივად ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთდაპირისპირება დაასახელა. სოფელში გავრცელებული ინფორმაციით, გია ხორგუანმა მალხაზ პაქსაძე მეუღლესთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულა და მკვლელობის მიზეზიც ეს გარემოება გახდა. როგორც ირკვევა, მკვლელობამდე მოკლულ მალხაზ პაქსაძესა და გია ხორგუანის მეუღლეს თ.ვ.-ს შორის არსებულ სექსუალურ კავშირზე სოფელში აქტიურად საუბრობდნენ. მეტიც, ერთ-ერთი ინფორმაციით, ხორგუანებს სახლში ანონიმური წერილიც დახვდათ, სადაც ამ ურთიერთობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია ეწერა. „პრაიმტაიმთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ გია ხორგუანი მეუღლესთან დაშორებული იყო მკვლელობამდე 3 თვით ადრე.
ჰქონდა თუ არა თ.ვ.-ს სექსუალური კავშირი მეზობელ მამაკაცთან, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, უცნობია ანონიმური წერილის შინაარსი, თუმცა წერილი რომ აღნიშნულ თემას ეხებოდა, ამ ფაქტს ადასტურებენ.
კიდევ ერთი ვერსია, რომელიც სოფელ ტბეთში ვრცელდება: მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გარდაცვლილმა მალხაზ პაქსაძემ თავად გაავრცელა ინფორმაცია თ.ვ.-სთან ურთიერთობის შესახებ. ამ ინფორმაციას შესაძლოა, რეალობასთან კავშირი არც ჰქონდა და პაქსაძემ, უბრალოდ, იცრუა. ამ ვერსიას არ განიხილავენ პაქსაძის ნათესავები. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ელგუჯა შავაძე დაზარალებული ოჯახის მოთხოვნებსა და სოფელში შექმნილ დაძაბულ გარემოზე საუბრობს.
„ამ ეტაპზე სიტუაცია დაძაბულია და ყველა მხარე ითხოვს გარკვევას, რა მოხდა რეალურად. პაქსაძეების პოზიცია არის ასეთი: თუ მათი შვილი ხორგუანებმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს, მაშინ რატომ არ აგებინეს პასუხი ცოლს, რომელსაც თითქოს გარდაცვლილთან ჰქონდა ურთიერთობა. თუ ეს სიმართლეა და ამის გამო მოკლეს, მაშინ ეს გვარი ვალდებულია, ქალსაც აგებინონ პასუხი იგივე წესით. ეს არის პაქსაძეების მოთხოვნა. ამის გარდა, სოფელი ითხოვს ამ ოჯახის გასახლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება.
ვიბლიანები ქალის მხარეს წარმოადგენენ. ხორგუანის ცოლის ნათესავები არიან და მათ ინტერესშიც შედის ეს კონფლიქტი. რეალურად ეს გოგო გაილანძღა და პაქსაძის საყვარლად არის გამოცხადებული. რა თქმა უნდა, მისი ნათესავები ითხოვენ მტკიცებულებას, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მიმოწერა ან რამე ეგეთი.
ის გოგო, მგონი, ნათესავებმა წაიყვანეს და სიტუაციის გარკვევას ელოდებიან. თუ ეს ქალი მართლაც ღალატობდა ქმარს, მაშინ უნდა იყოს მტკიცებულება – ჩანაწერი ან მინაწერი, ან რაღაც ხელმოსაჭიდი, რაც არ არსებობს და ამიტომაც არის გაურკვევლობა. პაქსაძეები ამბობენ, რომ, თუ ბოზი ჰყავდათ სახლში ხორგუანებს რძალი, მაშინ ისიც უნდა მოკლან ან გამოძიებამ უნდა შეცვალოს მკვლელობის მოტივი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, ეს ძმები ეჭვიანობის მოტივს იყენებენ დანაშაულის შესამსუბუქებლად.
ეჭვიანობის გარდა არ არსებობს სხვა მოტივი. ეს ბიჭები სვამდნენ ძმაკაცებთან ერთად, და იქ ყოფილა ამ თემაზე საუბარი მკვლელობის ღამეს. ამის გარდა, წერილიც დახვდათ ხორგუანებს სახლში, სადაც ეწერა, რომ ცოლი ღალატობდა. ეს გახდა მოტივი. თუ ეს მართალია და მართლაც ღალატობდა, მაშინ ცოლიც უნდა დაისაჯოს და ამას ითხოვს სოფელი.
თუ ჭორი იყო, მაშინ ამ ბიჭს რაღას კლავდნენ. ერთი სიტყვით, ჯერ არაფერი არ არის გარკვეული და ამიტომაც დგას სოფელი ფეხზე. ძალიან ცუდი სიტუაციაა, რაღაც უნდა გაირკვეს – ან ასე, ან ისე. თუ ღალატობდა ქმარს, ეს ქალიც უნდა დაისაჯოს ისე, როგორც იმ ბიჭს მოუღეს ბოლო. თუ არ ღალატობდა და ისე მოკლეს ეს ბიჭი, მაშინ უნდა გასახლდეს ეს გვარი სოფლიდან. ეს ორი მოთხოვნაა პაქსაძეების მხრიდან და ერთ-ერთი უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ სიტუაციას ვერაფერი განმუხტავს. პირადად ვიყავი აქციაზე, როცა სახლები და მანქანები დაირბა და გადაიწვა და ეს გაგრძელდება, თუ საზოგადოება კითხვებზე პასუხებს არ მიიღებს“,-განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ელგუჯა შავაძემ, რომელიც მოკლულის ნათესავია.
წალკის რაიონის სოფელ ტბეთში არსებულ დაძაბულ გარემოზე ადგილობრივ თვითმმართველობაშიც საუბრობენ. ამ ეტაპზე სიტუაციას სოფელში პოლიცია აკონტროლებს. რამდენიმე დღის მანძილზე ტბეთში სპეცდანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილების მშობლებმა სოფელი დროებით დატოვეს, თუმცა დაბრუნებას აპირებენ. სოფელში რჩება ხორგუანების ერთ-ერთი ძმა. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახს, პაქსაძეებს, ამ ეტაპზე ორი მოთხოვნა აქვთ.
კერძოდ, სოფლიდან ხორგუანების გვარის გასახლება, ან ეჭვმიტანილის ცოლის სიკვდილით დასჯა ხორგუანებისვე ხელით. „პრაიმტაიმი“ თვალყურს მიადევნებს სოფელ ტბეთში განვითარებულ მოვლენებს. რაც შეეხება დაკავებულ ძმებს, მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა რუსთავის საქალაქო სასამართლომ უკვე მიუსაჯა. გია ხორგუანს პროკურატურამ მკვლელობისთვის წაუყენა ბრალი, ხოლო მის ძმას, ზაზა ხორგუანს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები