მიხეილ სააკაშვილი: სანდრამ გადაწყვეტილება ჩემი ჩარევის გარეშე მიიღო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმასთან დაკავშირებით ფეისბუქის საშუალებით ეხმიანება.
„მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ თითოეული კანდიდატის გადაწყვეტილებაა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში. ყველას აქვს პირადი არჩევანის უფლება და მათ შორის სანდრამაც მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი ჩარევის გარეშე, საკუთარი სინდისის კარნახით. მე ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ისევე როგორც, სხვა კანდიდატების გადაწყვეტილებას, იბრძოლონ მეორე ტურში და ვუსურვებ მათ წარმატებას. მე პატივს ვცემ ყველას და იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტივისტები პატივისცემით მოეკიდებიან სანდრას პირად გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა ამ არჩევნებში და ზუსტად ვიცი, რომ არ შეეპუება გაყალბებასა და უსამართლობას. საერთოდ არ უნდა იცნობდეთ სანდრას, რომ იგი დაადანაშაულოთ, სხვისი, თუნდაც ჩემი, თავზე მოხვეული გადაწყვეტილებებით მოქმედებაში.
დრო აჩვენებს ვინ იყო მართალი. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გადალახავს ამ დროებით სიძნელეებს. ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ბევრს ჰგონია. ბოლოს და ბოლოს, 600 ათასამდე ადამიანმა დაგვიჭირა მხარი 8 ოქტომბერს და ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანთა რიცხვი დროთა განმავლობაში მხოლოდ მოიმატებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება რულოვსმა დღეს გააკეთა.
ზუგდიდის ოლქში პირველი ტურის შემდეგ მიღებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსი უნდა დაპირისპირებოდნენ. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილე კანდიდატის სახელი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც რჩება და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უკეთეს შედეგს აჩვენებს.