„კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“ – ლაშა გვასალია სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას აფასებს

კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო – ასე აფასებს, “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას.
როგორც გვასალიამ აღნიშნა, რულოვსი დარწმუნდა, რომ ზუგდიდში მხარს არ უჭერენ.
“ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცოდით, რომ ყოველთვის გამარჯვებულები ვიყავით, ვიცოდით ჩვენი რეიტინგი, ამიტომაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც ქალბატონი სანდრა აცხადებს და მიზეზად ასახელებს, თითქოს მას რაღაც გაუყალბეს ან წინააღმდეგობა იყო, ეს ერთ ანდაზას მახსენებს – კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო. შანსი ჰქონდა ყველას, მათ შორის ქალბატონ სანდრასაც, რომ გამოეჩინა თავი და, რა თქმა უნდა, ხელს არავინ არ უშლიდა, მაგრამ მან დაინახა და დარწმუნდა, რომ მხარს არ უჭერდნენ”,- განაცხადა ლაშა გვასალიამ.
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
შესაბამისი განცხადება რულოვსმა დღეს გააკეთა. ზუგდიდის ოლქში პირველი ტურის შემდეგ მიღებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსი უნდა დაპირისპირებოდნენ. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილე კანდიდატის სახელი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც რჩება და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უკეთეს შედეგს აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები