სერგო რატიანი რულოვსის გადაწყვეტილებაზე: ეს არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას არჩევნების მეორე ტურზე უარის თქმასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი “სამწუხაროს” უწოდეს. რატიანის ფიქრობს, რომ აღნიშნული ნაბიჯი გარკვეულწილად დამაზარალებელიცაა.
„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა ძალადობა, იქნებოდა დაშინება. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ მარნეულში. გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქალბატონი სანდრა რულოვსს, ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის ის რეგიონი, რომელშიც ჩვენ როგორც წესი გვქონდა მაღალი ალბათობა გამარჯვების. მესმის, რომ ემოციურად ძნელი იყო ყველაფერ იმის ხილვა, რაც მოხდა ზუგდიდში, ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ძალების კონცენტრაცია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ის რომ პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რომ ივანიშვილს შესაძლებელია ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება რულოვსმა დღეს გააკეთა.
ზუგდიდის ოლქში პირველი ტურის შემდეგ მიღებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსი უნდა დაპირისპირებოდნენ. კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილე კანდიდატის სახელი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც რჩება და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უკეთეს შედეგს აჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები