გივი თარგამაძე: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მიუღებელია, ეს აზიანებს მეორე ტურების კამპანიას

ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას მისი თანაგუნდელები ეხმაურებიან.
გივი თარგამაძის განცხადებით, გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებული არ იყო. მისივე თქმით, პარტიამ მეორე ტურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიიღო და მისი ეს ნაბიჯი აზიანებს ზოგადად მეორე ტურის აზრს.
„ცნობილია, რომ პარტიამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მეორე ტურებში მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მიუღებელია. უფრო მეტიც, ეს აზიანებს მეორე ტურების კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ვიცოდით წინასწარ, რომ ივანიშვილი დაგვიპირისპირებდა უკიდურეს ძალას, მანიპულაციებს და დაშინებას. ახალი აქ არაფერი არ მომხდარა. ბუნებრივია, პარტია ახდენს ძალისხმევის გონივრულ დიფერენცირებას დარჩენილი მეორე ტურების ოლქების მიხედვით, მაგრამ ბრძოლას რომ ყოველთვის აქვს აზრი, ეს ნათლად დაადასტურა გუშინ მარნეულის ამომრჩეველმა. ჩვენ ვთვლით, რომ ამომრჩევლის დაცვა არის უფრო მეტად არა მისი ბრძოლისგან არიდება, არამედ ბრძოლაში მის გვერდით დგომა, გაძლიერება და მასთან ერთად გამარჯვების მიღწევა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი სანდრა რულოვსი პარლამენტში, თარგამაძე პასუხობს, რომ ეს შეკითხვა რულოვსს უნდა დაუსვან, რადგან ეს მისი გადასაწყვეტია.
შეგახსენებთ, სანდრა რულოვსმა დღეს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. ზუგდიდის ოლქში პირველი ტურის შემდეგ მიღებული შედეგების თანახმად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ენმ-ის კანდიდატი სანდრა რულოვსი უნდა დაპირისპირებოდნენ.
არსებული კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, მეორე ტურში მონაწილე კანდიდატის სახელი საარჩევნო ბიულეტენებში მაინც რჩება და გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც უკეთეს შედეგს აჩვენებს. მეორე ტურისთვის საარჩევნო ბარიერი დაწესებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები