ლევან იზორია: გამოძიება დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას

“ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც მინისტრმა კლინიკაში მყოფი ოთხი სამხედრო მოსამსახურე მოინახულა.
”გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსია გახლავთ, ჰქონდა თუ არა ადგილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირებისა და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობს. ასე, რომ ამ ორი მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
​კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მეორე ვერსიამ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს, იზორიამ განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.
”ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი სტანდარტები, როგორც ხდება ამ შემთხვევაში სამხედრო შემადგენლობის ესკორტირება. შესაბამისად, კონკრეტული ფაქტის შესწავლისა და ექსპერტიზის საფუძველზე მოხდება იმის განსაზღვრა, იყო თუ არა ფაქტობრივი გარემოებები ამ სტანდარტის შესაბამისი”, – აღნიშნა იზორიამ.
რაც შეეხება მძღოლს, ლევან იზორიას განცხადებით, ის სამოქალაქო პირია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მინისტრის თქმით, მძღოლი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები