მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქების ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს

მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქების ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.
პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებისთვის განმეორებით კენჭისყრა მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება.
 
№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) – როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
 
რაც შეეხება, ამომრჩეველთა რაოდენობას, მარნეულის 48-ე უბანზე რეგისტრირებულია 1436 ამომრჩეველი, ზუგდიდის 38-ე უბანზე 1145 ამომრჩეველი, ზუგდიდის 79-ე უბანზე 925 და ზუგდიდის 108-ე უბანზე 774 ამომრჩეველი.
 
8 ოქტომბერს, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბანზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საარჩევნო უბნის დარბევა მოხდა, რის გამოც, კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, ხოლო განმუხურის 38-ე უბანზე გარკვეული დარღვევების გამო, საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.
 
რაც შეეხება მარნეულს, სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე, 8 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. აღნიშნული უბნის შედეგებიც გაბათილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები