NDI საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია NDI საქართველოში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის.
NDI-ის რეკომენდაციებში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარ რამდენიმე ინციდენტზეცაა საუბარი. ორგანიზაცია ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირებას ითხოვს. NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები.
“როგორც NDI-ის საერთაშორისო დელეგაციის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნა, 8 ოქტომბერს კენჭისყრის დღე მშვიდად დაიწყო, თუმცა ძალადობისა და ხელის შეშლის სხვადასხვა იზოლირებული შემთხვევებით დასრულდა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესს ხელი შეუშალეს ან შეწყვიტეს დაუმორჩილებელმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიულმა ჯგუფებმა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლებს თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები წაართვეს. გარემო საფრთხის შემცველი იყო ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. შევიწროების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალადობის შესახებ რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რამაც ზოგიერთი დამკვირვებელი აიძულა, დაკვირვება შეეწყვიტა”, – აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც NDI- რეკომენდაციებშია აღნიშნული, არჩევნების შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ძალადობა გაგრძელდა.
„11 ოქტომბერს თბილისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიის თანამშრომლები და აქტივისტები ცემეს, ხოლო თეთრიწყაროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დაესხნენ თავს. ძალადობის შემთხვევების გაგრძელება ამომრჩევლებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებიც განმეორებით კენჭისყრასა და მეორე ტურებში მონაწილეობას გეგმავენ, დამაშინებელ გარემოს ქმნის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა და არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობასა და აგრესიაში მონაწილე პირები დააკავა, რაც მისასალმებელია. თუმცა წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (სამართლიანი არჩევნები), სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას არათანმიმდევრულად მიიჩნევენ. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის გამოძიება, რომელიც მაისში კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მოხდა, ნელა წარიმართა: დამნაშავეებისთვის ბრალის წაყენებას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა და სასამართლო პროცესი თვეების მანძილზე გაიწელა. 8 ოქტომბერს ჯიხაშკარში ორ საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ ძალადობის ფაქტზე მხოლოდ ორი ადამიანი დააკავეს და ერთი მათგანი თავდებით გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ინციდენტში ათეულობით ადამიანის მონაწილეობაზე მიუთითებენ.
ასეთი რეაგირება კონტრასტში მოდის მარნეულში საარჩევნო პროცესზე ხელის შეშლაში ეჭვმიტანილი ოპოზიციური პარტიის ექვსი აქტივისტის სწრაფ დაკავებასთან და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან, ასევე შსს-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ეჭვმიტანილების სახლებში ღამით ნიღბიანი და შეიარაღებული პირების შეჭრის ვიდეოების განთავსებასთან”, – აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები