„გირჩი“ საარჩევნო ბარიერის ერთ პროცენტამდე დაწევის ინიციატივით გამოდის

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტს მიმართავს და რამდენიმე ინიციატივას სთავაზობს.
როგორც ცენტრის მიმართვაშია ნათქვამი, კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას და მის მომავალს განსაზღვრავს.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში განხილვის თემებია – ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის საშიშროება, ხოლო საშიშროებად დასახულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ისე, რომ მას საყოველთაო სახალხო არჩევნების ნაცვლად, ირჩევდეს პარლამენტი და კონსტიტუციით ოჯახის თუ ქორწინების შინაარსის განსაზღვრა.
კონსტიტუცია მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას და მის მომავალს, სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციაში ცვლილებაზე, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს რა სჭირდება ყველაზე მეტად ქვეყანას უახლოეს მომავალში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ისევე როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის და რაზე არის შესაძლებელი კონსენსუსის მიღწევა მომავალ პარლამენტში გამომდინარე იმ დაპირებებიდან, რომლებიც გაცემული იქნა წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ორგანოში გასული პოლიტიკური პარტიების მიერ“,-ნათქვამია მიმართვაში.
ახალი პოლიტიკურ ცენტრში აცხადებენ, რომ ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპია.
„მთავარი მიზეზი, რომელიც ხელს გვიშლის სწრაფ განვითარებაში არის ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს არასტაბილურობა. შესაბამისად, ჩვენი აზრით, უახლოეს პერიოდში, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი საკითხი, რომელიც უკეთესად უნდა დარეგულირდეს საკონსტიტუციო დონეზე, არის პოლიტიკური სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კონსტიტუციური გარანტიები“, – ნათქვამია განცხადებაში.
„გირჩში“ მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური გაერთიანებების ადეკვატურ წარმომადგენლობას პარლამენტში, კერძოდ: გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები; შემოღებულ იქნას სრულად პროპორციული სისტემა ან ნაწილობრივ პროპორციული-ნაწილობრივ რეგიონულ-პროპორციული სისტემა; საარჩევნო ბარიერი დაწეული იქნას 1%-მდე.
„სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური გარემოს სტაბილურობის საკონსტიტუციო ჩამკეტი მექანიზმების შექმნა: 1. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს; 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს 22%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 15%-მდე; 2. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი უნდა იყოს დაუშვებელი; 3. მთავრობის ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს; 2020 წლისთვის ეს მაჩვენებელი უნდა შემცირდეს 30%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 15%-მდე; 4. 2018 წლისთვის ქვეყანა უნდა გადავიდეს თავისუფალ სავალუტო რეჟიმზე; გადასახადების აკრეფა უნდა მოხდეს დოლარში“, – აცხადებენ „გირჩში“.
მათივე განცხადებით, ეს არის ყველაზე მოკლე რეცეპტი საქართველოში დღეს არსებული მთავარი გამოწვევის საპასუხოდ და ამ საკითხების განხილვით უნდა იყოს დაკავებული როგორც პოლიტიკური სპექტრი, ისე სამოქალაქო საზოგადოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები