მაჟორიტარი დეპუტატებიდან, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე მეტჯერ ეკა ბესელიამ ისარგებლა

მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებიდან ყველაზე მეტჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებით ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ისარგებლა, – ამის შესახებ აღნიშნულია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ დღეს წარდგენილ ანგარიშში, რომელიც მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.
ეკა ბესელიას შემდეგ სიტყვით გამოსვლის უფლებით ყველაზე ხშირად დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ ისარგებლა.
ანგარიშის მიხედვით, პარლამენტში სიტყვით ეკა ბესელია 436-ჯერ გამოვიდა, ვახტანგ ხმალაძე – 392-ჯერ, ზაქარია ქუცნაშვილი – 361-ჯერ, დავით ონოფრიშვილი – 226-ჯერ, შალვა შავგულიძე – 215-ჯერ.
2012-2016 წლებში 73 მაჟორიტარი პარლამენტის წევრიდან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით არც ერთხელ უსარგებლია 7 მაჟორიტარ დეპუტატს. ეს დეპუტატები არიან: ზაზა კედელაშვილი – დედოფლისწყარო, გიორგი ფეიქრიშვილი – გარდაბანი, რევაზ შავლოხაშვილი – წალკა, ენზელ მკოიანი – ნინოწმინდა, გოგი ლიპარტელიანი – ლენტეხი, ლევან ქარდავა – წალენჯიხა და როსტომ ხალვაში – ხელვაჩაური.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის თებერვლამდე ჩამოთვლილ დეპუტატებს არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებიათ. პლენარულ სხდომებზე სიტყვით ერთხელ გამოვიდა 4 მაჟორიტარი დეპუტატი: ზურაბ ზვიადაური, კახა ბუცხრიკიძე, როლანდ ახალაია და თეიმურაზ ჩხაიძე. ორჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებით ისარგებლა 6 დეპუტატმა: მარიკა ვერულაშვილმა, დავით ბეჟუაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, დავით დარცმელიძემ, გურამ მისაბიშვილმა და სოსო დანელიამ, რომელიც პარლამენტის წევრი 2013 წლის ოქტომბრის შუალედური არჩევნების შემდეგ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები