საქართველოში თურქეთის ელჩი: რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე – თურქეთი

რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე – თურქეთი, – ასე ეხმაურება საქართველოში თურქეთის ელჩი ზეკი ლევენთ გურმუქჩუ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა. გურმუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერად დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას, ხალხების, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების.
დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რიზეში უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რიზეს ბათუმისგან განსხვავება შეუძლებელია. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ძმებს ვერ მიატოვებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ ფიზიკურ საზღვრებს პატივს სცემს, თუმცა “გულში საზღვრების გავლება შეუძლებელია”.
“თურქეთი მხოლოდ თურქეთი არ არის. 79 მილიონი მოქალაქის გარდა, ის ასევე პასუხისმგებელია ასობით მილიონ ძმაზე იმ გეოგრაფიულ არეალში, რომელთანაც ჩვენ ისტორიული და კულტურული კავშირები გვაქვს. ზოგიერთები გვეკითხება, რატომ ინტერესდებით ერაყით, სირიით, საქართველოთი, ყირიმით, მთიანი ყარაბაღით, აზერბაიჯანით, ბალკანეთით და ჩრდილოეთ აფრიკით? თუმცა მათგან არავინ ინტერესდება, რომ არც ერთი ამ ადგილიდან ჩვენთვის უცხო არ არის. ნუთუ შესაძლებელია, რიზეს ბათუმისგან განსხვავება, ედირნესა და სალონიკის განცალკევება? როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ გაზიანთეფი, ალეპო, მარდინი, ჰასაკა, სირტე და მოსული ერთმანეთთან დაკავშირებული არ არიან?”, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის რიზეს უნივერსიტეტში 15 ოქტომბრის გამოსვლის სრული ვიდეოჩანაწერი თურქულმა ტელეკომანია TRT-მ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები