გიორგი მღებრიშვილი ამერიკულ ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ „Mount Whitney“-ზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა შეაფასა და მას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 12 ოქტომბერს შემოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების დელეგაციას ბათუმის პორტში შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ორდღიანი ერთობლივი სწავლება ჩატარდა, რომელიც საზღვაო ოპერაციების სამართალს, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების დაგეგმვასა და საზღვაო მანევრებს მოიცავდა.
სწავლების პარალელურად, აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების დელეგაციის წევრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩიც გაიმართა.
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 15 ოქტომბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები