ლევან იზორია: ეს გემი არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმბოლო

ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი „USS Mount Whitney“ შემოვიდა. აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

„ეს გემი არის ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობის სიმბოლო არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ერთა შორის მეგობრობის საკითხშიც. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს შეერთებულ შტატებთან. სწორედ ეს გემი დაუდგა ქართველ ხალხს გვერდით რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება შემოიტანა. აშშ აგრძელებს მეგობრობის დიდ ტრადიციებს და დარწმუნებული ვარ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. მე მინდა ასევე ხაზგასმით ავღნიშნო ვარშავის სამიტის შემდეგ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერება ჩვენს ნატოელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ბუნებრივია ამ კონტექსტში ამ ხომალდის ვიზიტი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „USS Mount Whitney“ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. აღნიშნულ ვიზიტს აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანი რეგულარულად დაგეგმილი გადაადგილების ფარგლებში ახორციელებს.

საქართველოში ყოფნის პერიოდში ამერიკელმა მეზღვაურებმა ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად ძებნისა და სამაშველო წვრთნები გამართა. ქართველი მეზღვაურებისთვის ასევე ჩატარდა ტრენინგები საზღვაო ოპერაციების კანონის შესახებ.

„USS Mount Whitney“-ის ოპერაციების მიზანია, აშშ-ის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და მათი მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდა.

ამერიკული ხომალდი საქართველოში 12 ოქტომბერს შემოვიდა და ქვეყანას 15 ოქტომბერს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები