“პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნება“, ალბათ, შეარჩევს ყველაზე შესაფერის ადამიანს”

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნება“, ალბათ, შეარჩევს ყველაზე შესაფერის ადამიანს, – ამის შესახებ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და “რესპუბლიკელმა” დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ისტორიულად საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარეები ჰყავდა კარგი, ან ძალიან კარგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თავმჯდომარე იქნება ძალიან კარგებს შორის, იმიტომ რომ დაგროვილია გამოცდილება, პარლამენტში არის ძალიან ბევრი ადამიანი… პარლამენტის თავმჯდომარის ავკარგიანობა არ არის დამოკიდებული პერსონალურად მხოლოდ მასზე. ამას უზრუნველყოფს ამ შენობაში მომუშავე ხუთასამდე ადამიანი და ამ ადამიანებს შეუძლიათ, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინონ თავმჯდომარეს. „ქართული ოცნებაც“, ალბათ, შეარჩევს ყველაზე უფრო შესაფერის ადამიანს ამ პოსტისთვის. საერთოდ, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბევრი რამისგან, მათ შორის იმისგან, რომ ადამიანები არიან შეუცვლელები. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამ ტრიბუნასთან იდგება ადამიანი – ქალი ან კაცი, კაცი ან ქალი, რომელიც კიდევ უფრო უკეთ გააგრძელებს პარლამენტის საქმიანობას. ჩემი მხარდაჭერა ექნება ნებისმიერ ადამიანს, ვინც კი ამ ტრიბუნასთან დადგება. თუკი რამე ვისწავლე, თუკი რამე გამოცდილება შევიძინე, ეს იქნება ამ ინსტიტუტის გაძლიერების სამსახურში. თუკი ოდესმე ვინმეს რაიმე თანადგომა დასჭირდება ჩემგან, მე ვიქნები მის გვერდში. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ძალიან კარგ პრეზიდენტებში, კარგ პრემიერ-მინისტრებში, კარგ პარლამენტის თავმჯდომარეებში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი“, – განაცხადა დავით უსუფაშილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები