ვახტანგ ხმალაძე: ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმის სათქმელად, რომ არჩევნები გაყალბდა

“რესპუბლიკურმა პარტიამ” ალბათ სათანადოდ ვერ დაანახა საზოგადოებას ის, რაც სწორად მიგვაჩნდა, თუმცა ვცდილობდით ეს გაგვეკეთებინა”, – აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის” წევრი ვახტანგ ხმალაძე.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრის განმარტებით, არსებული დარღვევები არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, მოცემული ინფორმაციების საფუძველზე, იგი ვერ ხედავს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები, რომ გითხრათ, მომწონს, არ ვიქნები გულწრფელი, მაგრამ ასეთი შედეგები იყო მოსალოდნელი, თუმცა ვფიქრობდი, რომ ამის ალბათობა მაღალი არ იყო.”ქართული ოცნებაც” და “ნაციონალური მოძრაობაც” ცდილობდნენ წარმოეჩინათ მდგომარეობა ისე, რომ მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური ძალაა, ვის შორისაც არის კონკურენცია და მეტი სხვა არ არსებობს, თან ისე, რომ ისინი იყვნენ ერთმანეთის მტრები. ორივე ცდილობდა საზოგადოების პოლარიზებას, აქ კი საკითხი იდგა ასე – მიიღებდა საზოგადოება ამ პოლიტიზირებას და ვერ დაინახავდა სხვას, თუ არ მიიღებდა ამას. ვფიქრობდი, რომ საზოგადოება შეძლებდა სხვა პოლიტიკური ძალის დანახვას, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. საზოგადოებრივი აზრი გაიყო ფაქტობრივად, ორად და დარჩა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, ვინც სხვა სუბიექტს დაუჭირა მხარი”,-განაცხადა ხმალაძემ.
ამასთანავე, ვახტანგ ხმალაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა, პარლამენტში მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლამ გამოიწვიოს.
“ეს შედეგი იყო არასასურველი, თუმცა არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევედით პარლამენტში, არამედ იმიტომ, რომ უაღრესად სახიფათოა ქვეყნისთვის ერთი პოლიტიკური ძალის ხელში უმრავლესობის მოქცევა და მით უფრო, თუ ეს უმრავლესობა იქცა საკონსტიტუციო უმრავლესობად. მთავარი საშიშროება გახლავთ ის, რომ ასეთ დროს უჩნდებათ განცდა, რომ “მე ვარ და ჩემი ნაბადი”. ამის მწარე მაგალითები გვაქვს ამ 26-წლიან პოლიტიკურ წარსულში”, – განმარტა ხმალაძემ.
​გარდა ამისა, ვახტანგ ხმალაძემ ის სავარაუდო მიზეზებიც განმარტა, რის გამოც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ დაიმსახურა.
“ჩემი აზრით, ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ მივიღეთ, იყო იმ ნაწილის მხარდაჭერა, ვისაც ასე თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, ხოლო გადაუწყვეტელი ნაწილის ხმები გაიყო “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. ეს გადაუწყვეტელი ნაწილი იყო საკმაოდ დიდი. “რესპუბლიკურმა პარტიამ” ალბათ სათანადოდ ვერ დაანახა საზოგადოებას ის, რაც სწორად მიგვაჩნდა, თუმცა ვცდილობდით ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ არის კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მომენტი, როცა გესმის სმენის ორგანოთი, მაგრამ არ გესმის თავით. პრობლემა არის ასეთი – ერთი, რომ თვითონ ვერ მიაწოდე სათანადოდ და მეორე – ვერ გაიგო მან, ვისაც უთხარი. არის მესამე პრობლემაც, რას ამბობენ სხვები შენზე, “რესპუბლიკური პარტიის ” მიმართ სხვა პარტიების დამოკიდებულება იყო არაკეთილგანწყობილი, ამანაც დიდი როლი ითამაშა“, – განაცხადა ხმალაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, ამ დროისათვის „რესპუბლიკურ პარტიას” ამომრჩეველთა 1,55%-მა დაუჭირა მხარი. პარტიაში განმარტავენ, რომ ლიდერები უახლოეს მომავალში შეიკრიბებიან და სამოქმედო გეგმას დასახავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები