თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ბევრ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, დათვლილი მონაცემების მიხედვით, ბევრ ოლქში მეორე ტურს ვარაუდობს. ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 08:00 მონაცემებზე ისაუბრა.
“რამდენიმე უბნის მიხედვით, არის ხმები დათვლილი, რაც ჯერ-ჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში მოხდეს მეორე ტურის გამართვა,  მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს ოქმების შეტანა. დღეს დილის 08:00 საათზე მოხდა ჩვენი ხმის დათვლის ცენტრის თანამშრომელთა ახალი ცვლით ჩანაცვლება. ძალიან აქტიურად ემატება მაჟორიტარულ ნაწილში ოქმები და ამ ეტაპზე დამუშავებულია 1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, შესაძლებელია ინდივიდუალურად მაჟორიტარი კანდიდატების შედეგების ნახვა“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
თამარ ჟვანია ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენ საარჩევნო ოლქში გაიმართება მეორე ტური.
„ამ ეტაპზე შედეგები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად იქნას განსაზღვრული, რამდენ შემთხვევასა და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური, თუმცა ეს შედეგები, რომლებიც რამდენიმე უბნის მიხედვით არის დათვლილი, ჯერჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებშიც მოხდეს მეორე ტურის გამართვა.
აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი, სად იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურის გამართვა“, – განაცხადა ჟვანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები