„ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე“
“ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული“ საქართველოს წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, კენჭისყრის დღე უმეტესწილად მიმდინარეობს მშვიდ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, დღის განმავლობაში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი და არ დაფიქსირებულა რაიმე განსაკუთრებული დარღვევები.
„სწორედ ასე მიმდინარეობს პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, არის რამდენიმე გამონაკლისი რამდენიმე საარჩევნო უბანზე, მათ შორისაა მარნეულის 48-ე უბანი, სადაც ინციდენტის აღმოსაფხვრელად გატარდა შესაბამისი ზომები. ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სრულიად დესტრუქციული და ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივი ქცევების მიზანია, ჩვენი აზრით, რომ საარჩევნო პროცესი არ შეფასდეს, როგორც მშვიდი. ეს ინციდენტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს მთლიანად საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და მის შეფასებაზე და ყველა მათგანს მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის მცდელობა, რომ მსგავსი არეულობა მოხდეს რამდენიმე სხვა უბანზეც, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. მოვუწოდებთ საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ იმ უბნებზე, სადაც ასეთი ტიპის ინციდენტები დაფიქსირდა, ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ და დაესწრონ ამ უბნებზე ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს. აქვე მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ნუ შეეცდებიან რაიმე ფიზიკურ კონტაქტში შევიდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.