“ადამიანის უფლებათა ცენტრი”: გორში საარჩევნო პროცესი, 19:00 საათის მონაცემებით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

,,მობილური ჯგუფის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, გორის მასშტაბით 16 საარჩევნო უბანზე მოვახდინეთ დაკვირვება, უმეტესწილად, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა ადგილი ჰქონდა გარკვეულ ხარვეზებს”, – ამის შესახებ „კვირასთან“ კომენტარი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა გააკეთა. ლექსო მერებაშვილი ხარვეზულ დარღვევებზე საუბრობს და, ზოგადად, არჩევნების მიმდინარეობის პროცესს შიდა ქართლში მშვიდად აფასებს. მისი ინფორმაციით, მითითების შემდეგ, ხარვეზების აღმოფხვრა დროულად მოხდა.
“გორის N22 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო 15 წუთის დაგვიანებით, რამაც უბანზე მოსული ამომრჩევლის უკმაყოფილება გამოიწვია, ასევე, ადგილი ჰქონდა საარჩევნო დოკუმენტაციის შეუვსებლობას, განსაკუთრებით სადემონსტრაციო ოქმებში არ ხდებოდა შესაბამისი ინფორმაციის შეტანა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლების მითითების შემდეგ, აღნიშნული ხარვეზები აღმოიფხვრა გორის N1, N9 და N22 საარჩევნო უბნებზე. თითქმის ყველა უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ნაკლები იყო ამომრჩეველთა რაოდენობაზე. გორის N21 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის გამოუცხადებლობის გამო, მოუხდათ რეგისტრატორთა რაოდენობის შემცირება. ადგილი ჰქონდა საარჩევნო ყუთთან ერთზე მეტი, ხოლო სარეგისტრაციო მაგიდასთან 2-ზე მეტი ამომრჩევლის ყოფნას. ეს ხარვეზები მითითების შემდეგ აღმოიფხვრა. საერთოდ, არჩევნები შიდა ქართლში ამ დროისთვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“, -განაცხადა ლექსო მერებაშვილმა „კვირასთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები