ცესკო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს

ცესკო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იცავენ ყუთს და არ აძლევენ აღნიშნულ პირებს უბანზე შესვლის შესაძლებლობას.

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბნიდან არის გატაცებული. აღნიშნული არ შეეფერება სიმართლეს. საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იცავენ ყუთს და არ აძლევენ აღნიშნულ პირებს უბანზე შესვლის შესაძლებლობას. გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, ასევე არჩევნებში ჩართულ მხარეებს, დაიცვან კანონი. მისცენ საარჩევნო კომისიას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობდა საარჩევნო უბანში შეჭრას, სადაც ჩამტვრეულია ფანჯრები.

“მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელმაც ქვები დაუშინა საარჩევნო უბანს. ისინი ცდილობდნენ საარჩევნო უბანში შეჭრას. სკოლის შენობაში განთავსებულ საარჩევნო უბანში ჩამტვრეულია ფანჯრები. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციას, თუმცა პოლიცია იცავს უბნის მიმდებარე ტერიტორიას”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები