შსს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. „საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციის დამატებითი ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები