„ქართული ოცნების“ მარნეულის იურისტი: “ნაციონალების“ კანდიდატმა ბრბოსთან ერთად პროვოკაცია მოაწყო
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გადაიზარდა დანაშაულებრივ ქმედებაში”, – ამის შესახებ “კვირას“ “ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის იურისტმა, ბესო ნიჟარაძემ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე განვითარებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.
ბესო ნიჟარაძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, აჰმედ იმამ ყულიევისა და მისი მხარდამჭერების მიერ ჩადენილი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
“ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის იურისტის თქმით, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, “ნაციონალური მოძრაობა“ კი მიზანმიმართულ პროვოკაციას ახორციელებს.
მისვე ინფორმაციით, სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია და კომისიას საქმიანობის განხორციელების, ამომრჩევლებს კი ხმის მიცემის შესაძლებლობა არ აქვთ.
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც გადაიზარდა დანაშაულებრივ ქმედებაში. “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, აჰმედ იმამ ყულიევის მიერ მართულმა ბრბომ განახორციელა დანაშაული საარჩევნო უბანზე. არჩევნები მშვიდ გარემოში, კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა, კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი უკანონოდ შევიდა საარჩევნო უბანზე, მას ამის უფლება არ ჰქონდა, ამას მოჰყვა მის მიერ წინასწარ დამოძღვრილი ხალხის შეჭრა უბნის ტერიტორიაზე. “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ძალადობას ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ჩვენ, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მივმართავთ შესაბამის ორგანოებს: ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც პირდაპირ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან. ამ დანაშაულს აჰმედ იმამ ყულიევი სჩადის თავის ბრბოსთან ერთად“, – განუცხადა “კვირას“ “ქართული ოცნების“ მარნეულის საარჩევნო შტაბის იურისტმა ბესო ნიჟარაძემ.
არსებული ინფორმაციით, მარნეულის 48-ე უბანზე უცნობი პირები არჩევნების გაყალბებას ცდილობდნენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.