გიორგი ტუღუში: შსს-ს წარმომადგენელმა აღმითქვა, რომ მარნეულის უბანზე მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები

მქონდა საუბარი შს სამინისტროს წარმომადგენელთან და მან აღმითქვა, რომ მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები და ყველანაირად შეეცდებიან, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ტუღუშმა მარნეულის ოლქში, ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე მომხდარი დაპირისპირების თემაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ტუღუშმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი და ისროდნენ ქვებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს.
„ადევნებთ ალბათ თვალ-ყურს, რა ხდება მარნეულის ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა დაარბიეს საარჩევნო უბანი, ისროდნენ ქვებს, იყენებდნენ ხელკეტებს, ასევე, ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი. წაიღეს უბნიდან და, როგორც ვიცით, უბანზე ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. პოლიციამ, სამწუხაროდ, ამ დარბევის პრევენცია ვერ მოახერხა. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციელების ნაწილმა დატოვა უბანი, ვინაიდან ვერ უმკლავდებოდნენ ამ თავდამსხმელებს.
როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. ეს ისტერია და ძალადობა, რომელიც ვიხილეთ მარნეულის ერთ-ერთ უბანზე, გამოწვეულია სწორედ იმით, ისინი გრძნობენ, რომ აგებენ არჩევნებს.
ამ ყველაფერს წინ უძღოდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ნავერიანის ვიზიტები როგორც ამ უბანზე, ასევე ჯანდარის ერთ-ერთ უბანზე, სადაც იგი ემუქრებოდა გარეთ შეკრებილ ხალხს, რომ საერთოდ დაკეტავდა ამა თუ იმ უბანს და არ მისცემდა ამომრჩევლებს საშუალებას, გამოეხატა საკუთარი ნება.
მქონდა საუბარი შს სამინისტროს წარმომადგენელთან და მან აღმითქვა, რომ მობილიზებული იქნება პოლიციის დამატებითი ძალები და ყველანაირად შეეცდებიან, რომ მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და საარჩევნო პროცესი დაუბრუნდეს ნორმალურ ფარგლებს“, – განაცხადა ტუღუშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები