მიხეილ სააკაშვილი: ხვალ საქართველოში სინათლე იმარჯვებს სიბნელეზე და მომავალი იმარჯვებს წარსულზე

ხვალ საქართველო იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ანალიზის უნარი და მშვენივრად ვხვდებით, სად არის ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ყოფილი პრეზიდენტი პარალელებს ავლებს 2012 და 2016 წლის არჩევნებს შორის.
„8 ოქტომბერს საქართველოს იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ანალიზის უნარი, მშვენივრად ვხვდებით, სად არის ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალი. მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო არ მდგარა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. 2012 წელს, ხალხმა მისცა ხმა უკეთეს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, 2012-ში ჩვენ ბევრად უკეთესად ვიყავით, ვიდრე ბნელ 90-იანებში, მაგრამ ადამიანს ყოველთვის უნდა გაუმჯობესება, წინსვლა ყოველთვის უნდა რაღაც უკეთესი.
ამიტომ მაშინდელი არჩევანი იყო ლოგიკური და გასაგები. 2016 წელს კითხვაზე, ცხოვრობთ თუ არა უკეთესად, ვიდრე 2012-ში, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის უარყოფითი.
მარტო ცხოვრების დონეზე არ არის საუბარი, რასაც ჩვენ ვირჩევთ. ხვალ წყდება საკითხი, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში ქართული სახელმწიფოს არსებობაც დადგება ეჭვქვეშ და საქართველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან, ისე, როგორც ივანიშვილი დაგვპირდა თავიდანვე, საქართველო გამოცხადა პატარა სოფლად და იწინასწარმეტყველა, რომ ის გაქრებოდა საერთაშორისო რადარებიდან, ჩვენ ეს აღარ უნდა დავუშვათ“, – აცხადებს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები არ გაყალბდება, მას ამის განცხადების საფუძველს, როგორც თავად აღნიშნავს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების დასწრება აძლევს.
„ამ მხრივ მე მშვიდად ვარ და როგორც არასდროს, ხვალ მაქვს თქვენი აქტიურობის და ერთად დგომის იმედი. ხვალ საქართველო იტყვის, რომ ის იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის უბრალო სათამაშო.
ხვალ საქართველოს იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს ანალიზის უნარი და მშვენივრად ვხვდებით, სად არის ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის მომავალი. ხვალ საქართველო იტყვის, რომ აღარ უნდა უნიათო მთავრობა, რომელიც მუდმივად ერთ ადგილს ტკეპნის და მიგვექაჩება წარსულში, ჩვენ გვინდა ხალხი, რომელიც შეძლებს საქართველოს სამშვიდობოზე გამოყვანას“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ხვალ საქართველოში სინათლე იმარჯვებს სიბნელეზე და მომავალი იმარჯვებს წარსულზე.
„ხვალ იმარჯვებს სიმართლე, ვინაიდან ტყუილმა გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ, ხვალ სიმართლე გაიმარჯვებს საბოლოოდ, ხვალ არის საქართველოში სიმართლის გამარჯვების დღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ბრწყინვალე ქალაქს შავ ზღვაზე, რომ ჩვენ შევუქმნით ბრწყინვალე ქართულ ოჯახს ბევრად მეტ პერსპექტივებს, საუკეთესო განათლების მოპოვების უნარს და ღირსეული სამუშაო ადგილის ქონის. ჩვენ შევუქმნით ყველა ასაკის ადამიანს დაცულობის და სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობის ყველანაირ გარანტიებს.
ვის შეუძლია ამის გაკეთება თუ არა იმ გუნდს, ვისაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება, როგორც მიღწევების, ასევე შეცდომების. “ნაციონალური მოძრაობა” გადახალისდა, ძალიან დიდი რაოდენობის ახალგაზრდა მოვიდა ახლებური ხედვით და საქართველოს დიდი სიყვარულით.
მე ვფიქრობ, ამ რთულ პერიოდში, როგორც არასდროს, ღირს ვანდოთ ქვეყნის ბედი თითქმის მთლიანად განახლებულ, და რაც მთავარია, ახალი იდეებით მოსულ გუნდს, ამიტომ ჩვენ სხვა ყველანი ერთად დავირაზმებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთს არ ვეთანხმებოდით წარსულში ბევრ რაღაცაში, მაგრამ ხვალ ჩვენი გაერთიანების დღეა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თითოეული სახელმწიფო აპარატის წარმომადგენელმა, მათ არაფერი ემუქრებათ, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტებით და თუ საქართველომ ბოლო 4 წელში გაძლო, ეს არის თქვენი დამსახურება, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ხალხის, ვინც შეძლო ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება“, -წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები