ვახტანგ ძაბირაძე: ვერანაირი ძალა ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს

დღეს ამომრჩეველზე არ არის ზეწოლა, რომ მან რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მისცეს ხმა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა
იგი პოზიტიურ მოვლენად თვლის იმ ფაქტსაც, რომ პოლიტიკური პარტიები თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს ღიად აცხადებენ. ვახტანგ ძაბირაძე საარჩევნო გარემოს სტაბილურად აფასებს.
“ანტაგონიზმი დღეს საარჩევნო პროცესში არ იგრძნობა, რაც ყველა დიდი მიღწევაა. ზოგადად პროცესი იყო კარგი და სტაბილური, მედია იყო თავისუფალი, მე ვერ ვიხსენებ დღემდე ვერც ერთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იმაზე მეტ თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რაც დღეს არის. არ არის მონოპოლიური მედია, ესეც აღსანიშნავია და არაა ამომრჩეველზე ზეწოლა, ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს არჩევნები, თუ ყველაფერი ასე წავიდა, იქნება ერთ-ერთი ბარომეტრი იმის, თუ რეალურად ვინ აირჩია ხალხმა.
საინტერესოა აგრეთვე ის, რომ პარტიები არ მალავენ პოლიტიკურ კურსს და ყველას გვაინტერესებს თუ მოსახლეობის რა რაოდენობა უჭერს მხარს ე.წ. პრორუსულ ძალებს,“ – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ძაბირაძეს მიაჩნია, რომ ეგზიტპოლები ცესკოს მონაცემებთან დიდად არ იქნება აცდენილი.
“ქვეყანაში არ არის არანაირი რევოლუციური მუხტი, ამიტომ რა შედეგიც უნდა დაიდოს ეგზიტპოლებით, ვერანაირი ძალა ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანს, რადგან ქვეყანაში არაა დღეს რევოლუციური მუხტი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეგზიტპოლები დიდ სხვაობაში არ მოვა ცესკოს მონაცემებთან. არანაირ გართულებას არ ველოდები არჩევნების პროცესში თუ ხელისუფლება სიმშვიდეს შეინარჩუნებს,“-განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები