დავით უსუფაშვილი: ხვალინდელი არჩევნები ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლების პირობებში

ხვალინდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმიტომაც, რომ იგი ტარდება უპრეცედენტო პოლიტიკური თავისუფლების პირობებში, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩეველთან მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეულ ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონოდა.
„ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. მეტი თავისუფლება მეტი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ ასეთ თავისუფლებას ინდივიდუალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.
დარწმუნებული ვარ, მეტმა პოლიტიკურმა თავისუფლებამ შექმნა ის ვითარებაც, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სერიოზული ნაწილი ბოლო წუთამდე ვერ აკეთებდა არჩევანს. დიახ, სწორია, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ, იმიტომ, რომ პასუხს ვაგებთ ჩვენს არჩევანზე.
ხვალ ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება, ხვალ არ იქნება მართალი და მტყუანი, ამ პარტიის მხარდამჭერი და იმ პარტიის მხარდამჭერი, ხვალ ყველა მართალი ვიქნებით, ვინც საკუთარი სინდისის და საკუთარი გონების კარნახით გავაკეთებთ არჩევანს. ჩვენ ვიქნებით მართალი ერისა და ღვთის წინაშე.ჩვენ თავისუფალი არჩევნები მოგვეთხოვება ხვალ და ეს არის ჭეშმარიტება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, უსუფაშვილმა, მეორე ტურის შესაძლო გამართვაზეც ისაუბრა. იგი მიიჩნევს, რომ არჩევნები ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით დასრულდება.
„ხვალ საარჩევნო პროცესი არ მთავრდება, ხვალ ჩვენ ვიქნებით არჩევნებზე. არჩევნები ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის ჩატარებით დამთავრდება. ეს ნიშნავს იმასაც, რომ შესაძლოა, ხვალ საღამოს მდგომარეობით ყველაფერი ბოლომდე ცხადი არ იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას, სახელმწიფოს, მოსახლეობას, პოლიტიკურ პარტიებს გარკვეული გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი იმისთვის, რომ 8 ოქტომბრიდან მეორე ტურის გამართვამდე ღირსეულად გავიაროთ ეს დისტანცია. არ დავუშვათ არანაირი სპეკულაციები“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები