გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო.
“დარწმუნებული ვარ, სამინისტროს თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობიანი, თავისუფალი არჩევნები საქართველოში და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნას დაცული.
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჩვენი მოსახლეობა აფასებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გადაიდგა საქართველოში დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში. ეს აღინიშნა ყველა ჩვენი მეგობრის მიერ, თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს,რომელიც მოხდა რამდენიმე დღის წინ. გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს, ვინაიდან ეს იყო ნამდვილად სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 8 ოქტომბერი იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში.
“ჩვენი მოქალაქეები გამოხატავენ თავისუფალ ნებას, დაუჭერენ მხარს, საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდობიანად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, აუცილებლად გამოიყენონ ეს დღე, რათა ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”,-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები