რუსთაველის თეატრი ქუთაისის თეატრის წარმოდგენას – „ბულბულის ნისკარტს“ უმასპინძლებს

დღეს, 19 საათზე, რუსთაველის თეატრი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წარმოდგენას „ბულბულის ნისკარტს“ უმასპინძლებს. რეჟისორი და მუსიკლური გამფორმებელი გიორგი სიხარულიძეა; ინსცენირების ავტორი – გვანცა ჯავახაძე, მხატვარი – თეო კუხიანიძე; რეჟისორის თანაშემწე – ვახტანგ ამანათიძე; პაოლო იაშვილი – გიორგი ბენიძე; ტიციან ტაბიძე – გიგა მიქაძე.
14445190_539606142830793_1446023981923390429_oროგორც „კვირას“ თეატრში განუცხადეს, პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ლექსების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ორი შემოქმედი ადამიანის ბედზე მოგვითხრობს. სათაური „ბულბულის ნისკარტი” პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსის რეფრენია.
„პაოლო და ტიციანი – გიორგი ბენიძე და გიგა მიქაძე. ნაცნობობის პირველსავე დღეებში გავიგე, რომ გიორგი გატაცებული იყო პაოლოს პოეზიით. მეგობრების თხოვნით თუ საკუთარი სურვილით, მას მრავალჯერ გაულამაზებია ჩვენი შეკრებები მისი ლექსების ფანტასტიკური წაკითხვით… გიგა კი სიამოვნებით დათანხმდა „ტიციანობას“.
რეჟისორზე ნაკლები თავსატეხი არც მათ რგებიათ.ზუსტად უნდა შეერჩიათ თამაშის ხერხი, ამპლიტუდა, ფერი – ეპოქის, პოეტის, ლექსის, ხასიათის შესაბამისად. ეს არ იყო ერთჯერადად სხვად ქცევა, რადგან თავად პოეზია განწყობათა მონაცვლეობით აკინძული მრავალი სახეა.
ბიჭები ისეთი დამაჯერებლობით გადმოგვცემენ ლექსების იდუმალ სამყაროს, არ შეიძლება, მათ თანამოაზრედ არ გაუხდე. სიტყვას რომ თავი დავანებოთ, – მათი მზერა, მოძრაობა, მიმიკაც კი ზუსტი და ორგანულია. არის მომენტები, როდესაც იმდენად მეტყველია მოქმედება და შეფასება, სიტყვები, თითქოს, აღარც გესმის და მათ მსახიობთა სახეზე კითხულობ.14500738_539606009497473_2047651212575751330_o
მართალია, დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობებისთვის ეს არ იქნება ქათინაური, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ერთ მომენტში ვერ დაიჭერთ სიყალბეს და პათეტიკას. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ ხშირად შესრულება ექსპრესიის უმაღლეს ნიშნულამდე ადის და, ფაქტობრივად, არტისტები. დანის პირზე გადიან. ისინი ზუსტად გრძნობენ ლექსის რიტმიკას, ევფონიურ თავისებურებას. თითქოს, ამბის თხრობასთან ერთად, პოეტიკის ჰარმონიითაც ტკბებიან… და სწორედ ამ დროს არ ღალატობთ გემოვნება და ზომიერება.
როგორი სასოწარკვეთილია გიგას პერსონაჟი, როგორი პირგამეხებული გიორგის პაოლო, როდესაც „გაწითლებულ“ სამშობლოს ხედავენ. რა ვაჟკაცური და იმედით ანთებულია ორივე მათგანის პოეტური მანიფესტი, როგორი ლაღები არიან ბოჰემას მიცემული პოეტები; რა სევდიანად დაფიქრებულია საქართველოს ტკივილით შეწუხებული ტიციანი და როგორი უსასოო – ანდერძის წერისას პაოლო…
მთელი სპექტაკლის მანძილზე ეს ორი მსახიობი მაღალ პროფესიონალიზმს და ულევ სამსახიობო შესაძლებლობებს ამტკიცებს… და მაინც… თითოეულ მათგანს აქვს ყველაზე ექსპრესიული რამდენიმე სცენა. პირადად ჩემთვის ერთნაირად ჟრუანტელისმომგვრელია გიგას „აანთეთ სულში სიონის ზარი“ და გიორგის „აფრის ტკაცუნი“, – აღნიშნავს გვანცა ჯავახაძე.
პრემიერა „ბულბულის ნისკარტისა“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში 6 მაისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები