ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32,7% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს

ტელეკომპანია „იმედმა“ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ აქვთ „ქართულ ოცნებას“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”.
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, – ამ კითხვაზე გამოკითხულთა 32,7% „ქართულ ოცნებას“, ხოლო 12,8% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. 3% აქვს „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო “ლეიბორისტულ პარტიას” – 2,9%.
კვლევის თანახმად, 2,2% “პატრიოტთა ალიანსს” ერგო, „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ – 2,1%, თუმცა, კვლევა ბლოკიდან „გირჩის“ გასვლამდე ჩატარდა, შესაბამისად, აღნიშნული შედეგიც ბლოკმა „გირჩის“ გასვლამდე მიიღო. ნინო ბურჯანაძის “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას” ამომრჩეველთა 1,7%, “რესპუბლიკურ პარტიას” – 0,7%, “მრეწველებს” – 0,3%, “ეროვნულ ფორუმს” – 0,2% სხვა პარტიებს კი – 0,1% აძლევს ხმას.
რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 41,3%-ია.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ პირველი სოციოლოგიური კვლევა 2 სექტემბერს გამოაქვეყნა. ამ ხნის მანძილზე გაიზარდა ხმის მიცემის მსურველთა რიცხვი. თუ წინა კვლევით არჩევნებზე მისვლას 58% აპირებდა, ამჯერად ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა და 61%-ს შეადგენს. საარჩევნო სუბიექტთა რეიტინგებიც სწორედ არჩევნებზე მიმსვლელთა რაოდენობიდან გამოითვალა.
სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions“-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1187 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევის საველე სამუშაოები „გორბიმ“ ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები