გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პირნათლად გვატარებს მომავალი თაობების წინაშე

“ჩვენ ხელის გულზე უნდა ვატაროთ ყველა ის თვისება, ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ, შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გლდანში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
კვირიკაშვილმა იმ პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა, რომელიც 4 წლის მანძილზე „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩეული. როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელისუფლებო გუნდი დაწყებულ საქმეებს მომდევნო 4 წლის მანძილზე დაასრულებს. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა წარსულში არასდროს დაბრუნდება.
”მიუხედევად იმისა, რომ დღეს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო წარსულში დააბრუნონ, ეს ვერ მოხერხდება, რადგან დღეს საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგორ უნდა შევცვალოთ, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ ჩვენი პედაგოგები უფრო მეტად, როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა, როგორ უნდა გავაუმჯობესოთ პირობები, კიდევ უფრო, კერძო სექტორისთვის, როგორ უნდა მოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში და როგორ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მმართველობის პოლიტიკური სისტემა ისე, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მომდევნო 4 წილის მანძილზე კვირიკაშვილი მოსახლეობას ქვეყნის აღმშენებლობას თავის გუნდთან ერთად ჰპირდება. პრემიერი იმ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს, რომელიც მისივე განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული.
”ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები. ეს არის ყველაზე მთავარი, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ 4 წლის თავზე დღეიდან ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ერთიანობით, მეტი სიყვარულით, მეტი გვერდით დგომით, მეტი თანადგომით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერმა მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდა, რადგან, როგორც თავად აცხადებს, ქვეყნის აღმშენებლობისთვის ქართველმა ხალხმა ყველა ის საუკეთესო თვისება უნდა გამოიყენოს, რომელიც მასშია თავმოყრილი.
„გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი, რასაც მივაღწიეთ და კიდევ უფრო ჩქარა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში, ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ისე, რომ ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს.
ჩვენ ხელის გულზე უნდა ვატაროთ ყველა ის თვისება, ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, რომლის მოსპობასაც, სამწუხაროდ, შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის გულში ჩირაღდანივით, სანთელივით ანთია ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ, მეგობრებო და ამას თუ გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები. ეს არის, რისიც მე მჯერა ყველა უჯრედით, ჩემი გონების, ჩემი სხეულის და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც თქვენ ხედავთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლიანი ჩვენი შვილების, მომავალი თაობის წინაშე და რომელიც პირნათლად გვატარებს ჩვენ წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები