“თავისუფალი ზონის“ ყოფილი წევრი: იმ 120 ადამიანის მსგავსად,“ნაციონალებს“ კიდევ ბევრი წევრი დატოვებს

„თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ბესო კალაძე, რომელმაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ორგანიზაცია ხმაურიანი განცხადების შემდეგ დატოვა, “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის ორგანიზაციის დაშლის ფაქტს აფასებს.
როგორც კალაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის “ნაციონალური მოძრაობიდან“ 120 წევრის წასვლის ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილა. კალაძე დარწმუნებულია, რომ პარტიას კიდევ არაერთი წევრი გაემიჯნება. „თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია და შესაბამისი პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია. ბესო კალაძის მტკიცებით, ის ბრალდებები, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მისი და “თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილი წევრების მისამართით ისმის, აბსურდულია და სიცრუეს ეფუძნება.
„იმ 120 ადამიანის მსგავსად, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას და გაემიჯნება არეულობის შემომტან, პროვოკაციების მომწყობ პარტიას. ეს არის შეუქცევადი პროცესი. პარტია გაკოტრებულია და 8 ოქტომბრის შემდგომ საერთოდ გაქრება.
“ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი იყო დაშანტაჟება, მუქარა და ძალადობრივი მეთოდები, ამას აგრძელებენ დღესაც. მე და იმ პირებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ “კვირას“ პრესკლუბში განცხადება გავაკეთეთ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა უამრავი სისულელე დაგვაბრალეს, თუმცა ეს მათი სტილია და მოულოდნელი არ ყოფილა მათი მხრიდან ჩვენი მისამართით წამოსული აბსურდული განცხადებები. მუქარა, ჩანერგვა და ასე შემდეგ მათი სტილია და მათი ვიწრო, ბინძური აზრებიდან გამომდინარე აფასებენ ყველაფერს. ცილისწამება ერთადერთი იარაღია,რომელიც გაკოტრებულ „ნაცებს“ დღეს აქვთ.
ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებმაც 4 წელი გააძლებინეს „ნაციონალურ მოძრაობას“, რათა არ გამქრალიყო. დღეს შევიტყვე ცესკოდან, რომ საპარლამენტო პროპორციული სიიდან ამომიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მივმართავ მათ: სასაცილოები ხართ და გულწრფელად მეცოდებით. 8 ოქტომბრის შემდგომ, ყველა ცილისწამება უკან დაგიბრუნდებათ“, – აცხადებს “კვირასთან“ ბესო კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამგორის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა. პარტიის რაიონული ორგანიზაცია 120-მა ადამიანმა, მათ შორის ხელმძღვანელობამ დატოვა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, მათ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი, ორი დღის წინ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.
რაც შეეხება ბესო კალაძის და რამდენიმე ადამიანის მიერ “თავისუფალი ზონის“ დატოვების გადაწყვეტილების მიზეზს, როგორც ბესო კალაძემ 26 სექტემბერს “კვირას“ პრესკლუბში “თავისუფალი ზონის“ უკვე ყოფილ წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს სააკაშვილის მიერ მისთვის მიცემული დავალებები იყო.
“მე შევხვდი რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაცია – „თავისუფალი ზონა“ სჭირდება არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოსაწყობად, არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული”, – განაცხადა ბესო კალაძემ და თანამოაზრებთან ერთად ორგანიზაცია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები