არეშიძე “თავისუფალი ზონის” განცხადებაზე: იმის მიუხედავად, რომ “ნაციონალების“ გეგმები გასაჯაროვდა, მათი სტრატეგია არ შეიცვლება

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირაში“ “თავისუფალი ზონის” წევრების მიერ გაჟღერებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მათ განაცხადეს, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოწყობისთვის ემზადებოდა და ამისთვის “თავისუფალი ზონის” წევრებისა და ორგანიზაცია „საქართველოს ერთგულების სახელით“ გამოყენება სურდა. არეშიძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საზოგადოებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ დესტაბილიზაცია „ნაციონალური მოძრაობის” გეგმებში შედიოდა. თუ როგორი ფორმით მოხდებოდა ეს, თავდაპირველად ბუნდოვანი იყო. თუმცა, ნელ-ნელა იკვეთება, რომ ეს ხდება არა მხოლოდ შესაბამისი აგრესიული ჯგუფების ჩამოყალიბებით, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლითაც საზოგადოებაზე. მე მაინც ვფიქრობდი, რომ დესტაბილიზაცია არჩევნების დღემდე არ მოხდებოდა, რადგან კარგად ესმით დესტაბილიზაციის ავტორებს, რომ ამ შემთხვევაში მათ დაბრალდებოდათ ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების დღეს ან არჩევნების მეორე დღეს, აუცილებლად ატყდება ისტერია იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და „ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად შეეცდება, რომ შეკრიბოს ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც შესაძლოა უკმაყოფილოები იყვენ არჩევნების შედეგებით. თუ მან მოახერხა ამ ძალების კონსოლიდირება, მაშინ ეს იქნება დესტაბილიზაციის სერიოზული ფორმატი. ამ ფორმატში უკვე დაიწყებენ მოქმედება შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც ამ არეულობის შექმნას შეუწყობენ ხელს. ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის“ მათი მთავარი დასაყრდენია. თუ გავიხსენებთ ისტორიას, დავინახავთ რომ 2003 წელსაც იგივე ვითარება იყო. უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ მაშინ “კმარა” იყო. მე ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, რომ  “ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები გასაჯაროვდა, მათი სტრატეგია არ შეიცვლება“, – აცხადებს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები