ჯონდი ბაღათურია: ვთხოვ ამომრჩევლებს, ივანიშვილის ხათრით ისევ არ აირჩიონ უსუფაშვილის მსგავსი დეპუტატები
„თქვენ 2012 წელს ივანიშვილის ხათრით აირჩიეთ უსუფაშვილი, 0%-იანი რეიტინგის მქონდე პარტიის ლიდერი“, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული დასის“ ლიდერმა, საბურთალოს მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ჯონდი ბაღათურიამ განცხადა.
ბაღათურია თვლის, რომ უსუფაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ხელისუფლების გასაკონტროლებლად ამერიკას სჭირდება.
“ჩვენ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთისა და ამერიკის ომი. ივანიშვილის ხათრით ავირჩიეთ უსუფაშვილი, ავირჩიეთ პრეზიდენტი და ხედავთ ვინ არიან ისინი.
უსუფაშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ შვილებს ქვეყნის სიყვარულს არ ასწავლის, ქვეყნისთვის რის გაკეთებას შეძლებს თქვენვე გამოიტანეთ დასკვნა. ნუ აირჩევთ ისეთ ადამიანებს, რომელთა წარსულიც ბუნდოვანია“, -განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ .
ჯონდი ბაღათურიას პროგნოზით, ხელისუფლებაში ის პოლიტიკური ძალა მოვა, ვისაც ხალხი ენდობა.
“მე ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ: ნუ აირჩევთ ივანიშვილის ხათრით პარლამენტს, რადგან სწორედ ის ადამიანები ჩაარტყამენ ზურგში დანას ივანიშვილს, ვინც მისი ხათრით იქნება არჩეული.
„ქართული ოცნების“ ერთი მესამედი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებით არის დაკომპლექტებული და ესაა სწორედ გასათვალისწინებელი“- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.