ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრას აფასებს: ამ მოწოდებაში არავითარი უცნაურობა არ ყოფილა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმ მოწოდებაში, რა მოწოდებითაც მან რამდენიმე დღის წინ ბიზნესმენებს მიმართა, უცნაური არაფერი ყოფილა.
როგორც ექსპრემიერმა რუსთავში, ქვემო ქართლის მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, მან ბიზნესმენებს მოუწოდა ღიად დააფიქსირონ კრიტიკაც და ისიც თუ რა მოსწონთ.
“ეს შეიძლება იყო ამოვარდა სწორედ იმ გეგმისგან, რაც ადრევე იყო გაცხადებული, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე არ ელოდნენ პოლიტიკურ შემადგენელს და პოლიტიკურ ნაწილს და ოპონენტებმა ამაზე გადაიტანეს ყურადღება. მე ვფიქრობ აბსოლუტურად ლოგიკურია – საარჩევნო პერიოდია, ბიზნესმენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრია, მოგეხსენებათ, არა მხოლოდ მონაწილეობენ არჩევნებში, მთელ ევროპასა და ამერიკაშიც ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში, კორუფციასთან გვაქვს ადგილი, პოლიტიკოსებს სხვანაირად შემოსავალი არ გააჩნიათ, როგორც წესი, თუ ვთქვათ ყოფილი ბიზნესმენი არ არის ან რამე მსგავსი. შესაბამისად, ამ მოწოდებაში არავითარი უცნაურობა არ ყოფილა, ელემენტარულად უფრო მკვეთრი დაფიქსირების სურვილი გამაჩნდა ბიზნესმენების მხრიდან. ამავდროულად, მოვუწოდე, რომ იყოს გახსნილი და პირდაპირი კრიტიკა და თუ მოსწონთ, ესეც მკვეთრად დააფიქსირონ. ამაზე ოპონენტებმა გააკეთეს ცოტა ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება – ამაში არაფერი ცუდი არაა, თვითონ ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყოს შეგვეფასებინა ის 4-წლიანი პერიოდი, რამდენად სწორ პოლიტიკას ატარებდა ხელისუფლება და ბიზნესისთვის რამდენად უკეთესი პირობები იყო იმაზე, რაც იყო წინა წლებში“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
თბილისში 24 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით, მორიგი ეკონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელშიც ბიზნესმენებთან ერთად პოლიტიკოსები და დარგის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
„2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა და მანამდე, 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვედი, არასდროს არ მომიკითხავს ბიზნესი და არასდროს არ დამისვამს მსგავსი შეკითხვა, ბიზნესმენებთან – თუ რას აკეთებს ბიზნესი? რამეთუ გარკვეული მიზეზების გამო, გაგებით ვეკიდებოდი. დღეს მინდა ეს კითხვა დავსვა და თითოეულმა თქვენგანმა ჩაიხედეთ თქვენს თავში, რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ, რომ განუმარტოთ თქვენს თანამშრომლებს, ან უფრო ფართო საზოგადოებასაც, ის გარდაქმნები, თუ რა შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში. ან თუ თქვენ თვლით, რომ არაფერიც არ მომხდარა, ალბათ, მოგეცემათ საშუალება დღეს გამოსვლებით ეს აღნიშნოთ“, – მიმართა ექსპრემიერმა ბიზნესმენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები