პრეზიდენტი: გული სიამაყით გვევსება, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს პატარა ქვეყანას

დღეს როდესაც გაცილებთ, გული სიამაყით გვევსება, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს პატარა ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანში, ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალზე განაცხადა.
“დღეს ჩვენ ამაღელვებელ ცერემონიალზე ვიმყოფებით. დღეს კიდევ ერთი ნაწილი ჩვენი შეიარაღებული ძალების, მიდის ავღანეთში, საერთაშორისო მისიის შესასრულებლად. თქვენს შორის არიან ადამიანები, ვისაც გამოუვლია ავღანეთის მძიმე სკოლა. თქვენ იქ იქნებით თანამებრძოლები იმისთვის, რომ დაიცვათ გლობალური სიმშვიდე და უსაფრთხოება. თქვენ გააგრძელებთ იმ ათასობით ქართველის ტრადიციას, რომელიც ბოლომდე ემსახურა გლობალურ უსაფრთხოებას. დღეს როდესაც გაცილებთ, გული სიამაყით გვევსება, რომ ამდენი გამორჩეული გმირი გვყავს პატარა ქვეყანას. ჩვენ ვიფიქრებთ თითოეულ თქვენგანზე. ვიფიქრებთ, რომ მშვიდობით შეასრულოთ მისია და დაგვიბრუნდეთ“, – მიმართა პრეზიდენტმა სამხედროებს.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ქართველებმა ათეულობით საუკუნის განმავლობაში ბრძოლით შევინარჩუნეთ ჩვენი სამშობლო და კარგად ვიცით მშვიდობის ფასი“.
„იცოდეთ, რომ მეც და საქართველოს თითოეული მოქალაქე მადლობელი ვართ თქვენი ღვაწლისთვის“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვაზიანში, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში გაცილების ცერემონია გაიმართა. ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის ოცეულები გაემგზავრებიან. გაცილების ცერემონიალს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და აშშ-ს ელჩი საქართველოშ იან კელი მეუღლესთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები