ბიძინა ივანიშვილი: კანონი პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენელმა უნდა დაიცვას
“კანონი, პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენელმა უნდა დაიცვას, სამინისტროს ბიუჯეტი არ არის მინისტრის ჯიბე, ეს ნუ ჰგონიათ და ნუ ეგონებათ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორ ექსპრემიერმა აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ჩაიყენა ერთმა ჯგუფმა საზოგადოება სამსახურში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სტანდარტები შეიცვალა და აღნიშნულ სტანდარტებს მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი იცავს.
„ის რა სტანდარტებიც ჩვენ დავტოვეთ, ხელისუფლების წევრები მას იცავენ. კვირიკაშვილს ჩემზე მკაცრად ექნება ეს სტანდარტები, გარწმუნებთ, არავის არაფერს არ აპატიებს… კანონი, პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენელმა უნდა დაიცვას. სამინისტროს ბიუჯეტი არ არის მინისტრის ჯიბე, ეს ნუ ჰგონიათ და ნუ ეგონებათ, ეს არის სამინისტროს ხარჯები, ეს სამინისტრო ემსახურება სახელმწიფოს და სახელმწიფო ემსახურება მთლიანად ხალხს. ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვიდევს “ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობისა. ერთმა ჯგუფმა მოისურვა ის, რაც საზოგადოებას ეკუთვნოდა და საზოგადოება სამსახურში ჩაიყენა, ხელისუფლება, მთავრობა დაქირავებულია ხალხისგან და მას უნდა მოემსახუროს, ეს არის ძირითადი სტანდარტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ჰყავს თუ არა ექსპრემიერს ფავორიტი მინისტრები, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას ბევრი საყვარელი მინისტრი ჰყავს.
“არ შევეცდებოდი, რომ დამეყო. ფავორიტი არა, ძალიან ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს, ნახეთ როგორ მუშაობს თუნდაც ქუმსიშვილი, დავით სერგეენკო, თუ გინდ კალაძე, თეა წულუკიანი… ჩამოუთვლელი დამრჩება ბევრი და ნაწყენები დამრჩებიან, რამდენიც გნებავთ იმდენია, რომლებიც იცავენ, პირველ რიგში, სტანდარტებს. მინისტრებს შორის გრადაცია შეიძლება გააკეთო მენეჯმენტით და პროფესიონალიზმით, მაგრამ სტანდარტებს ყველა იცავს – სოზარ სუბარი… რამდენსაც გინდათ იმდენს დავასახელებ და ახალი მინისტრებიც ძალიან ეფექტურები არიან, მაგრამ ეფექტურობას არ ღებულობენ, იმიტომ, რომ ბევრი გაჭირვებული გვყავს ქვეყანაში“, -აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.